Accentnews.ge
პრეზიდენტი: "ისე ჩამოვრჩით ჩვენს ორ მეგობარს, ჩვენი ბრალია, აბა ვისი?! ევროპამ არ გადაგვაგდო!"

პრეზიდენტი: "ისე ჩამოვრჩით ჩვენს ორ მეგობარს, ჩვენი ბრალია, აბა ვისი?! ევროპამ არ გადაგვაგდო!"

17/06/2022 14:27:35 პოლიტიკა

"გაიგეთ დღეს, რომ საქართველო აღარ დგას იმ ჯგუფში – სამეულში, რომელიც ჩვენ შევქმენით, მაგრამ მერე რაღაცნაირად ჩამოვრჩით. შეიძლება, ვიყოთ იმედგაცრუებული, მე კი უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია",– ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის დასკვნას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ამასთან, პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ იმედგაცრუების, წუწუნის დრო დღეს არ არის და რომ მას მოსახლეობის იმედი აქვს.

„რაც დღეს მოგვივიდა, არის გაფრთხილება – „რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“. ჩვენი ბრალია! ვამბობთ, რომ [მსგავსი დასკვნა] არ დავიმსახურეთ“, მაგრამ დავიმსახურეთ! მას მერე, რაც ამ ქვეყანამ 30 წლის განმავლობაში გააკეთა, ისე ჩამოვრჩით ჩვენს ორ მეგობარს და პარტნიორს, ჩვენი ბრალია, აბა ვისი?! რაც მთავარია და რაც მინდა, რომ კარგად გაიგოთ, ისაა, რომ ევროპამ არ გადაგვაგდო, არ გვითხრა უარი. როდესაც ამ ქვეყნის გადაგდება გინდა, იმას კი არ ეუბნები, რა უნდა გააკეთო 2022 წლის ბოლომდე! სწორად უნდა წავიკითხოთ ევროკომისიის რეკომენდაციები: იქ წერია, რომ მივიღეთ ისეთი რამ, რაზეც, ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო ბოლო თვეებში [უკრაინის ომი], ვერც კი ვიოცნებებდით – მივიღეთ გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ის, რომელიც ჩვენთვის აქამდე არავის უთქვამს, არავინ დაგვპირებია, რადგან ამის მიმართ იყო გეოგრაფიული და სხვა მიზეზები. რომ არა ახალი გარემოებები, ამას არ მივიღებდით და ალბათ, ჯერ არ ვიმსახურებდით, მაგრამ მივიღეთ. იმედი მაქვს, ამ ტექსტს გაიმეორებენ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში. ამ ერთ კვირაში უნდა ვიმუშავოთ და ფარ–ხმალი წინასწარ არ უნდა ჩამოვყაროთ“,– განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დასკვნა მხოლოდ გაფრთხილებაა:

„მკაფიოდ არის ჩამოწერილი, რა უნდა გავაკეთოთ. ამიტომ, მივიღოთ ის, რასაც გვეუბნებიან, კარგად გავიგოთ და არა ისე, როგორც გვაწყობს სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე“.

ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოს შემთხვევაში კი კომისიის რეკომენდაციაა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე.

იხილეთ ასევე: "დეოლიგარქიზაცია", ევროკავშირის დახმარებით მიღებული შეთანხმების შესრულება - ევროკომისიის პირობები საქართველოსთვის

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S