როგორ ესმით „ქართულ ოცნებაში“ დეოლიგარქიზაცია
17/06/2022 14:59:48 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკომისიის დასკვნის განსაჯაროების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირწმუნებოდა, რომ ხელისუფლება შეასრულებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ წამოყენებულ ყველა პირობას.

„რაც შეეხება სტრუქტურულ რეფორმებს, უკვე დამტკიცებულ დოკუმენტში ჩამოთვლილია ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას სხვადასხვა მიმართულებით და ეს პირობები, რაც არის წაყენებული კანდიდატის სტატუსის მისაღებად, პრაქტიკულად ყველა პუნქტში ემთხვევა ასოცირების დღის წესრიგს. აქ ახალი არაფერი წერია. ზუსტად იგივე პუნქტებზეა საუბარი, რაც იყო წარმოდგენილი და ისედაც შეთანხმებული ჩვენს მიერ ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგში. ჩვენ ისედაც გვქონდა ეს ვალდებულება და, რა თქმა უნდა, თითოეული ამ პუნქტის მიხედვით განხორციელდება შესაბამისი რეფორმები“, – განაცხადა კობახიძემ.
თუმცა მას ყურადღება არ გაუმახვილებია დასკვნაში მითითებულ ერთ–ერთ წინაპირობაზე – დეოლიგარქიზაციაზე.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ევროკავშირის უკვე მეორე დოკუმენტია, სადაც საუბარია ოლიგარქზე. პირველი იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც პირდაპირ იყო ნახსენები ბიძინა ივანიშვილი, განსხვავებით ევროკომისიის დასკვნისგან.
კობახიძემ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ შემოგვთავაზა ვერსია, რომ აქ ივანიშვილი სრულებითაც არ იგულისხმება:
იხილეთ ასევე: "დეოლიგარქიზაცია", ევროკავშირის დახმარებით მიღებული შეთანხმების შესრულება - ევროკომისიის პირობები საქართველოსთვის
„ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 9 წელი ძარცვავდნენ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. მაგალითად სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი და შეგახსენებთ, რომ დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა, მან თავისი ნებით გააკეთა ეს ყველაფერი და თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში. ასევე კეზერაშვილი - მეორე ოლიგარქი, მასზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია, ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი. ოლიგარქების დასრულება, ბუნებრივია, არის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. [რაც შეეხება ივანიშვილს] რა თქმა უნდა, ვერავითარი ფაქტით და არგუმენტით ეს ვერ იქნებოდა ნაგულისხმევი და არც არის ნაგულისხმევი. ივანიშვილი არის ბიზნესმენი, თავისი კონკრეტული წარსულით; გარდა ბიზნესმენისა, ის არის ფილანთროპი და ქველმოქმედი. გარდა ამისა, 2012 წელს მან დაასრულა სისხლიანი რეჟიმი საქართველოში, აქედან გამომდინარე, აქ საუბარი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილზე, საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც ძარცვეს ქვეყანა 9 წელი, რა თქმა უნდა, მათზე იქნება საუბარი ამ დოკუმენტში და არა მარტო ამ დოკუმენტში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოლიგარქებისგან ქვეყანა გავათავისუფლოთ. ოლიგარქი ჩემთვის არის ადამიანი, რომელიც ძარცვავდა ქვეყანას და ასეთები ჩამოგითვალეთ. რაც შეეხება კაცს, რომელსაც 3 მილიონი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე, თუ თქვენ მას უწოდებთ ოლიგარქს, ეს თქვენი პრობლემაა, ეს არ არის ივანიშვილის პრობლემა. თქვენი პრობლემაა ისიც, რომ თქვენს ტელევიზიებს აფინანსებენ კეზერაშვილი და სააკაშვილი, ორი მთავარი ოლიგარქი ჩვენი ქვეყნის“ - უპასუხა კობახიძემ ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კი ირწმუნება, რომ "ბუნებაში არ არსებობს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობის დამადასტურებელი მტკიცებულება":
„ოლიგარქია ხომ იმას ნიშნავს, რომ დიდი გავლენის მცირე ჯგუფი, ადამიანები, ან ადამიანი მართავს რაღაც პროცესებს არალეგიტიმურად? ერთი მტკიცებულება, თუნდაც მცირე, რაც კი შეიძლება, იყოს წარმოდგენილი ოლიგარქიასთან დაკავშირებით, ვისაც არ უნდა ეხებოდეს, ჩვენს მიერ იქნება განხილული. ასეთი მტკიცებულება, იმის მიუხედავად, თქვენ რომ ძალიან გინდათ, ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილზე, ბუნებაში არ არსებობს ასეთი რამ!“ - მიმართა მან კრიტიკული მედიის თანამშრომლებს.
დიპლომატი, EPRC-ს უფროსი მკვლევარი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიგი გიგიაძე მმართველი გუნდის წევრების პოზიციონირების შეფასებისას ამბობს, რომ "საქართველოში ერთადერთი ოლიგარქია, ერთადერთი ადამიანი ახდენს გავლენას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საჯარო ცხოვრებაზე და ყველაფერი ის, რაც ვიცით, უკვე ევროკომისიის დასკვნაში აისახა წინაპირობის სახით":

„ეს ევროკავშირის უკვე მეორე დოკუმენტია, სადაც საუბარია ოლიგარქზე [პირველი იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია]. უკვე ჩანს, რომ ამას ევროკავშირი აღიქვამს ძალიან სერიოზულ გამოწვევად ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის გადალახვაც მას აუცილებლად მიაჩნია, რომ საქართველომ ევროკავშირის მიმართულებით სვლა გააგრძელოს. ასევე მნიშვნელოვანი იყო სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები, მედიათავისუფლება – ეს გაგრძელებაა იმის, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციის ფარგლებში მოვისმინეთ. დოკუმენტი ხელისუფლებისთვის ძალიან მკაფიო გზამკვლევს წარმოადგენს, თუ მას რეალურად აქვს სურვილი, რომ საქართველომ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი მიიღოს“.


