ჰარცელი: "აქციებში მონაწილეობა ჩემი როლი არაა, გუშინ გამონაკლისი იყო"
17/06/2022 17:44:22 პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს ჰკითხეს, დაესწრება თუ არა 20 ივნისს თბილისში დაგეგმილ აქციას "შინ ევროპისკენ". საპასუხოდ ჰარცელმა განაცხადა, რომ აქციებში მონაწილება მისი როლი არაა, ხოლო 16 ივნისს ევროპის მოედანზე გამართული აქცია იყო გამონაკლისი და იგი აქციას პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირადი მიწვევის გამო დაესწრო.
„მივესალმები პროევროპული არჩევანის შესახებ სურვილის მშვიდობიან გამოხატვას. ეს არ არის არც ჩემი როლი და არც ჩემი ჩვევა, რომ დავესწრო სხვადასხვა სახის გამოსვლებს. გუშინ გავაკეთე გამონაკლისი იქიდან გამომდინარე, რომ პირადად ვიყავი მიწვეული პრეზიდენტის მიერ“, აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
ელჩს დამატებით ჰკითხეს, ხომ არ უკავშირება 20 ივნისისთვის დაგეგმილ აქციაზე მისი არმისვლის გადაწყვეტილება ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის განცხადებას, რომ ამ შეკრებაზე შესაძლოა, საქართველოს მთავობის გადადგომაც მოითხოვონ.
„მინდა, კიდევ უფრო პირდაპირი ვიყო და გითხრათ, რომ რაც აქ ჩამოვედი, არ ვესწრები აქციებს, იქიდან გამომდინარე, რომ ვარ დიპლომატი და მაქვს განსაკუთრებული მანდატი. ასევე პრინციპური მიზეზით აქციები და მათ შორის ეს, რომელსაც ახლა ვხედავთ, შეეხება საქართველოს მოსახლეობის მოსაზრებებს, ამბიციებს და ეს, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გამყოფი ხაზია. ორივე აქციას გულითადად მივესალმები, ასევე ბევრ რამეს, რაც წინა კვირაში ვნახეთ, - ღონისძიებს, უამრავ წერილს, რომელსაც ბრიუსელში გადაწყვეტილებების მიმღებებთან გადასაცემად მიგზავნიდნენ, ასევე მომიტანეს ევროკავშირის დროშა ბევრი ხელმოწერით“,- თქვა კარლ ჰარცელმა.
16 ივნისს თბილისში, ევროპის მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ევროკავშირის წევრობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელსაც რიგი დიპლომატებიც დაესწრნენ. 20 ივნისს კი სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია იგეგმება სლოგანით "შინ ევროპისკენ". პრეზიდენტმა ამ აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებისკენ მოუწოდა "საფრთხეების"გამო.


