ტოკაევის ცივი შხაპი პუტინს, სოხუმსა და ცხინვალს

18-06-2022 16:05:09 კონფლიქტები

იმ დროს, როცა პრეზიდენტი ზელენსკი კიევში ევროკავშირის სამი წამყვანი სახელმწიფოსა და მათთან ერთად რუმინეთის ლიდერებს მასპინძლობდა, რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქ სანქტ-პეტერბურგში, ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე პუტინი თალიბებს, სეპარატისტებსა და კრემლის ამ დრომდე შემორჩენილ 6 სანქცირებულ ოლიგარქს ერთმანეთით დაინტერესებას აძალებდა.

სწორედ ასეთი იყო წლევანდელი – უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველი, მთლიანობაში კი რიგით 25-ე ფორუმის მონაწილეთა კონტინგენტი. მასზე ვეღარ შეხვდებოდით ვერც ერთ მსხვილ დასავლელ ინვესტორს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხომ გასულ კვირას როგორც ამერიკულ, ისე სხვა დასავლურ მთავრობებსა და კომპანიებს მოუწოდა, პუტინის ოდესღაც საამაყო ამ პროექტისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ, რათა ეჩვენებინათ კრემლისთვის, რომ “ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში აღარ იქნება”. ასეც მოხდა. არადა, წინა წლებში პუტინის ფორუმს ესწრებოდა მრავალი დასავლელი პოლიტიკოსიცა და ბიზნეს-წრეების წარმომადგენელიც, მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციებიც, რომლებიც, უკრაინისადმი 2014 წლის აგრესიის მიუხედავად, მაინც შესაძლებლად მიიჩნევდნენ, პუტინის დანაშაულებრივ რეჟიმთან ეურთიერთათ. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ რუსეთში ჩავიდა ყაზახეთის პრეზიდენტი, რამაც კრემლს “მაღალი დონის სტუმრებზე” საუბრის საფუძველი შეუქმნა. თუმცა ტოკაევის მიერ გაკეთებული განცხადებები პუტინს მალევე “ცივ შხაპად” ექცა.

ეს განცხადებები ყაზახეთის ლიდერმა ფორუმის იმ პლენარულ სხდომაზე გააკეთა, რომელსაც თავად რუსეთის ლიდერიც ესწრებოდა. ქასიმ-ჟომარტ ტოკაევმა პირდაპირ თქვა, რომ მისი ქვეყანა არ აღიარებს დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს, ისევე, როგორც აფხაზეთსა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთს” და რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის მიმართაც ყაზახეთში ძალზე არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

აქვე ვიტყვი, რომ კითხვის ავტორმა – კრემლის ერთ-ერთმა წამყვანმა პროპაგანდისტმა, RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა ეს ომი, კრემლის ცნობილი დირექტივისამებრ, “სპეცოპერაციად” მოიხსენია, თუმცა ტოკაევმა თავის პასუხში სწორედ სიტყვა “ომი” გამოიყენა - “ყაზახეთში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ, რადგან ჩვენს ქვეყანაში კარგად განვითარებული სამოქალაქო საზოგადოებააო”.

სეპარატისტულ რესპუბლიკებზე საუბრისას კი ყაზახეთის ლიდერმა პოზიცია შემდეგნაირად განმარტა: “გაერო-ს წესდების ორი ძირითადი პრინციპი – ერთა თვითგამორკვევის უფლება და სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობა – ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდა. დათვლილია, რომ თუკი ერთა თვითგამორკვევის უფლება მთელს მსოფლიოში იქნება რეალიზებული, საბოლოოდ 193-ის ნაცვლად 500-600 სახელმწიფოზე მეტს მივიღებთ და გვექნება ქაოსი. ამდენად, ჩვენ არ ვაღიარებთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს, არც აფხაზეთს. იგივე პრინციპით ვიმოქმედებთ იმ კვაზისახელმწიფოების მიმართაც, როგორადაც ლუჰანსკი და დონეცკი მიგვაჩნიაო».

ამ სიტყვებმა გაიჟღერა, როგორც პოლემიკამ რუსეთის პრეზიდენტთან, რომელმაც მანამდე განაცხადა, “დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები არ იყვნენ ვალდებულები, უკრაინის მთავრობისთვის თანხმობა ეთხოვათო”. პუტინი აქ ტრადიციულად, კოსოვოზე აპელირებდა. არადა, თავად რუსეთში მოქმედებს სისხლის სამართლის კოდექსის ახალი - “სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე მიმართული ქმედებებისკენ საჯარო მოწოდებების” მუხლი, რომელიც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სანამ ფორუმსა და ტოკაევ-მოსკოვის ბოლოდროინდელ ურთიერთობებს დავუბრუნდებოდეთ, ვიტყვი, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის სიტყვებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვია. სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში ვნებათაღელვა ამ დრომდე არ ცხრება. ტოკაევის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას გამოეხმაურა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბაც, რომლისთვისაც ყაზახეთის ლიდერის სიტყვები არანაკლები “ცივი შხაპი” იყო, ვიდრე პუტინისთვის: კრემლის მიერ ხელდასმული ეს ახალგაზრდა ხომ სულ ახლახანს ჰპირდებოდა აფხაზებს “მოსალოდნელ ძვრებს” ფართო საერთაშორისო აღიარების მიმართულებით – მართალია, კვლავ მხოლოდ კრემლის სატელიტი რეჟიმების მხრიდან, მაგრამ მაინც. რეალურად კი, სოხუმის აღიარებას ამ დრომდე აშკარად არ ჩქარობს არათუ ტოკაევი, არამედ ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკოც კი, რომელსაც პუტინი, როგორც “პეტრე პირველის საქმის გამგრძელებელი” და “რუსეთის იმპერიის ისტორიული მიწების შემგროვებელი” (სწორედ ასეთად გამოაცხადა მან თავი ახალგაზრდობასთან ამასწინანდელ შეხვედრაზე), “საკავშირო სახელმწიფოდ” წოდებულ თავის იმპერიალისტურ პროექტში მოიაზრებდა როგორც ყაზახეთთან, ისე სხვა რამდენიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკასა და არაღიარებულ/ნაწილობრივ აღიარებულ ყარაბაღთან, აფხაზეთთან, ე.წ. “სამხრეთ ოსეთთან”, ლუჰანსკისა და დონეცკის ე.წ. “სახალხო რესპუბლიკებთან” ერთად.

“აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების გაფართოებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობაში ჩვენი მონაწილებით მსოფლიოს ქაოსი ნამდვილად არ შეემატება. აფხაზეთს სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენი ხალხი საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის და ადრევე დაუმტკიცა მსოფლიოს საკუთარი უფლება, საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში კანონიერი ადგილი დაიმკვიდროს”, – განაცხადა ტოკაევის საპასუხოდ არძინბამ.

აშკარად არ ესიამოვნებოდა აფხაზ "მინისტრს" ტოკაევისგან (როგორც “კრემლის პროტეჟესგან” – როგორადაც ყაზახეთის ლიდერს ამასწინანდელი ყაზახური არეულობებისა და პუტინის მიერ ОДКБ-ს ჯარის წახმარების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი მოიაზრებდა) უკრაინის ომთან მიმართებაში დაფიქსირებული მსგავსი პოზიციაც: ინალ არძინბა ხომ ოდესღაც “კრემლის რუხ კარდინალად” ცნობილი, ამ დროისთვის კი უკვე “ჩამოწერილი” ვლადისლავ სურკოვის შეგირდი გახლავთ და მასთან ერთად თანაავტორი “ბესარაბიის” პროექტისა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინული მიწების მითვისების შემდგომ მცდელობებს დაედო საფუძვლად. ამის გამო კიევს აფხაზი “მინისტრი” ძებნაშიც ჰყავს გამოცხადებული.

არაფერი იყო ტოკაევის განცხადებებში სასიამოვნო თავად პუტინისთვისაც, თუმცა ის ყაზახი ლიდერის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას ძალზე რბილად – დამყვავებლურადაც კი გამოეხმაურა: ყაზახეთს “მოძმე ქვეყანა” უწოდა და განაცხადა, რომ “უკრაინის ხელისუფლებაც რომ ისე იქცეოდეს, როგორც ნურ-სულთანის მმართველი ძალა, არ იქნებოდა არც სპეცოპერაცია და შესაძლოა, არც ყირიმის ანექსიაო”.

არადა, ტოკაევმა “სიჯიუტე” არა მარტო კრემლის მიერ ოკუპირებული/ანექსირებული ტერიტორიების აღიარების, არამედ მოსკოვისთვის დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლაში დახმარებისა და მთელ რიგ სხვა საკითხებშიც გამოიჩინა, რუსეთთან “მეგობრობის” ჩათვლით. კერძოდ, ამ “მეგობრობის” კონტექსტში მან რიგ რუს ჟურნალისტებს, კულტურის მოღვაწეებსა და დეპუტატებს პრეტენზიები წაუყენა ყაზახეთის შესახებ სხვადასხვა არასასიამოვნო გამონათქვამების გამო, რომლებიც, ყაზახი ლიდერის შეფასებით, ”დესტრუქციული ძალების წისქვილზე ასხამდა წყალს”. საუბარია ყაზახეთის მიმართ ბრალდებებზე “უმადურობასა” და «ღალატში”, რის მიზეზადაც ნურ-სულთანის მიერ 9 მაისს საზეიმო აღლუმის ჩატარებაზე უარის თქმა იქცა. ამის გამო რუსეთის ხსენებულმა წარმომადგენლებმა მუქარაც კი გააჟღერეს ტოკაევის ქვეყნის მიმართ – “უკრაინის მაგალითი გაითვალისწინოსო”, რასაც ნურ-სულთანის მიერ მათი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადება მოჰყვა.

ტოკაევის “ცივი შხაპის” საპასუხოდ პუტინის დღემდე უჩვეულო “სირბილე” არაერთ რუს ანალიტიკოსს მოხვდა თვალში. მათი შეფასებით, “24 თებერვლამდელი პუტინი, როგორც ჩანს, სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს”.

უკვე მერამდენედ, სიფრთხილე გამოიჩინა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების არაოფიციალური თხოვნის საპასუხოდ ჩინეთმაც, რომლის ლიდერმა ფორუმის მონაწილეებს ვიდეოკავშირით მიმართა. არადა, სასანქციო ფანჯარა ახლა მოსკოვს ჰაერივით სჭირდება და სწორედ ეს იყო რეალურად, კრემლისათვის წლევანდელი ფორუმის გამართვის მიზანიც, რადგან რუსული ეკონომიკის საქმე სულაც არაა ისე არხეინად, როგორადაც სიმონიანი და სხვა პროპაგანდისტები წარმოაჩენენ.

მდგომარეობის სირთულე ღონისძიებაზე ირიბად დაადასტურეს ცენტრალური ბანკის მმართველმა ელვირა ნაბიულინამ და პრეზიდენტის მრჩეველმა მაქსიმ ორეშკინმაც: პირველმა ბრძანა, რომ “რუსული ეკონომიკისთვის პირობები შეიცვალა დიდი ხნით, თუ არა სამუდამოდ”, ორეშკინმა კი აღნიშნა, რომ რუბლის ამჟამინდელი გამყარება მხოლოდ დროებითი მოვლენაა.

აი, ასეთი არცთუ სასიხარულო ატმოსფერო სუფევდა წელს პუტინის ცნობილ ფორუმზე. ერთადერთი, ვინც დამსწრე საზოგადოების გახალისება შეძლო, იყო დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერი დენის პუშილინი, რომელმაც ღონისძიების გახსნისას რატომღაც ზარბაზნიდან გაისროლა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები