არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, მაკრონის კოალიციამ არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა
20/06/2022 06:01:50 პოლიტიკა
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა კოალიციამ „ერთად“ ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, თუმცა უმრავლესობა დაკარგა.
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის - ეროვნული ასამბლეის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი, ოფიციალური შედეგების თანახმად, მაკრონის კოალიციას 245 მანდატი ექნება. წინა, 2018 წლის არჩევნების შედეგად კოალიციას 346 დეპუტატი ჰყავდა.
ეროვნულ ასამბლეაში 131 ადგილი მოიპოვა გაერთიანებამ „ახალი სახალხო ეკოლოგიური და სოციალური კავშირი“, რომელსაც მემარცხენე პოპულისტი ჟან-ლუკ მელანშონი ხელმძღვანელობს. 89 მანდატი მიიღო ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და 61 მანდატი - "რესპუბლიკელებმა". დანარჩენი ადგილები სხვადასხვა, ძირითადად, მემარცხენე პოლიტიკურმა ძალებმა გაინაწილეს.
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის - ეროვნული ასამბლეის 577 წევრს ერთმანდატიან ოლქებში ირჩევენ. პირველივე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტურში გადიან კანდიდატები, რომლებსაც ხმების 12.5%-ზე მეტი აქვთ. უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიამ, ან ბლოკმა სულ მცირე 289 მანდატი უნდა მიიღოს. პირველ ტურში, რომელიც 12 ივნისს ჩატარდა, მაკრონის კოალიციამ და მელანშონის გაერთიანებამ დაახლოებით ერთანირი შედეგი აჩვენეს.
პარლამენტში უმრავლესობის დაკარგვის გამო მაკრონს მოუწევს სხვა პარტიების მხარდაჭერის მოპოვება, რათა დაგეგმილი რეფორმების განხორციელება შეძლოს. აღნიშნულ რეფორმებს შორისაა, საპენსიო ასაკის გაზრდა, გადასახადების შემცირება და სოციალური დახმარების სისტემის შეცვლა.


