"სანქციების განხილვა აუცილებელია, რადგან ივანიშვილის გავლენით საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის"
21/06/2022 07:31:18 პოლიტიკა
ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს თაობაზე 8 ივნისს მირებული რეზოლუცია "ძალიან პოზიტიური ნაბიჯია".
მისი თქმით, "სანქციების განხილვა აუცილებელია, რადგან ივანიშვილის გავლენით საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის"
"ვფიქრობ, ევროპარლამენტის რეზოლუცია ძალიან პოზიტიური ნაბიჯია. ეს არ ნიშნავს, რომ სანქციები აუცილებლად დაწესდება, თუმცა ფაქტი, რომ რეზოლუციის მიღება მოხდა, მკაფიო გზავნილია. მნიშვნელოვანია ევროპისთვის ასეთი რეზოლუციის მიღება და სანქციების განხილვა. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოში ვითარება იქამდე მივიდა, სადაც ასეთი ნაბიჯი გახდა საჭირო, მაგრამ ვფიქრობ, რომ აუცილებელია, რადგან ბატონი ივანიშვილის გავლენით საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის. მე პირადად მხარს ვუჭერდი ასეთ ზომებს შეერთებულ შტატებში, ამიტომ მიმაჩნია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სწორია. იმედი მაქვს, რომ პირველი რეაქციის შემდეგ, რეზოლუციის დაგმობის შემდეგ, უფრო კონსტრუქციულები იქნებიან და მოხდება იმის აღიარება, რომ ეს არ კეთდება იმიტომ, რომ საქართველოს დასჯა გვსურს. ეს ყველაფერი საქართველოს წინააღმდეგ არ არის მიმართული. რეზოლუცია ეწინააღმდეგება კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის მიმართულებაზე", – განაცხადა კრამერმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში.


