„საქართველოს ტერიტორიული პრობლემები აქვს, ჯერ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი”
21/06/2022 07:37:21 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარს მხოლოდ ტერიტორიული პრობლემების გადაჭრის შემდეგ შეძლებს.ამის შესახებ მან კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა, სადაც მას ჰკითხეს, ენდობა თუ არა საქართველოს ხელისუფლება პუტინის დაპირებებს.
„ჩვენი მოტივაციაა, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრი. ეს დამოკიდებულია ჩვენს სტრატეგიულ მზაობასა და მოთმინებაზე. ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ ჩვენს სურვილზე არაა ნატო-ში გაწევრიანება, კონსენსუსი უნდა შედგეს ყველა წევრ სახელმწიფოს, ალიანსის ყველა მონაწილე ქვეყანას შორის, რომ საქართველოს მიენიჭოს ნატო-ში წევრობის სტატუსი. ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება. რაც შეეხება კითხვას, რას ვფიქრობ პუტინზე, 2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როცა საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ჩვენს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხება. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში - ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება პუტინის დაპირებისადმი ნდობას, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას პუტინთან კონტაქტი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია:
„ჩვენ კონტაქტები არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, 2012 წლის შემდეგ. არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია არ გვქონია. მხოლოდ ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები არსებობს, ამიტომ ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ“.


