Accentnews.ge
დავითულიანი: "აქციაზე ჩემი მეგობრებიც იყვნენ, რომლებიც "ქართული ოცნების" ამომრჩევლები არიან"

დავითულიანი: "აქციაზე ჩემი მეგობრებიც იყვნენ, რომლებიც "ქართული ოცნების" ამომრჩევლები არიან"

21/06/2022 07:39:30 პოლიტიკა

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც გუშინ, 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ გაიმართა მათი პარტიის მხარდამჭერებიც იყვნენ მისული.

"მოსახლეობის 80% არის ევროპასთან ინტეგრაციის მომხრე და რა თქმა უნდა, აქციაზე იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან, მათ შორის ჩემი მეგობრებიც, ვინც "ქართული ოცნების" ამომრჩევლები არიან, იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას. აქციის ორგანიზატორები, რა თქმა უნდა, იყვნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებული ადამიანები, თუმცა, აქცია იყო წარმოდგენილი და პოზიციონირებული, როგორც აპოლიტიკური, ისინიც და ყველა მიხვდა, რომ პოლიტიკოსების მისვლა მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენს ნებისმიერი ღონისძიების. შესაბამისად, იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ, იყვნენ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილირებული ადამიანები, ორგანიზატორებს ვგულისხმობ", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის: თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" 20 ივნისს 20:00სთ–ზე დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას მთელი დღის განმავლობაში ენმ-სთან და ოპოზიციასთან აკავშირებდნენ, თუმცა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დემონსტრაციაზე სიტყვით არ გამოსულა.

დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტარებმა, სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

რაც შეეხება დემონსტრანტების რაოდენობას, სხვადასხვა გამოცემების მიერ გავრცელებული მონაცემებით, მათი რაოდენობა 60 000–დან 120 000მდე იყო.

მოძრაობა „სირცხვილიამ“, რომელიც აქციის ორგანიზატორია, აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება. "სირცხვილიას" ცნობით, მოძრაობის მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა იქნება.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია 24 ივნისს მას შემდეგ გაიმართება, რაც ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

დემინსტრანტებმა აქციის დასასრულს ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S