ჰარცელი – თბილისში გუშინ გამართულ აქციაზე: "ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო"
21/06/2022 07:51:28 პოლიტიკა
"ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო", – ასე ეხმიანება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გუშინ თბილისში გამართულ აქციას.
მისი თქმით, "ის, რაც გუშინ მოისმინა, იყო ქართველი ხალხის სურვილი, საქართველომ გამოიყენოს მომენტი და ხელიდან არ გაუშვას შესაძლებლობები, რომელიც ევროკავშირმა მისცა".
როგორც მან განაცხადა, "საქართველოს ევროპული ხვედრი საქართველოს ხელშია":
"თუკი ევროპულ საბჭოში წევრი ქვეყნების დასკვნაც იგივე იქნება, როგორიც ევროპული კომისიის, ამის შემდეგ გზავნილი ძალიან ნათელია : საქართველოს ევროპული ხვედრი საქართველოს ხელშია და ევროპული დღის წესრიგის წინსვლისთვის გულმოდგინედ მუშაობისა და ნაბიჯების წინ გადადგმის დროა",- აღნიშნა ელჩმა.
ცნობისთვის: თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" 20 ივნისს 20:00სთ–ზე დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას მთელი დღის განმავლობაში ენმ-სთან და ოპოზიციასთან აკავშირებდნენ, თუმცა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დემონსტრაციაზე სიტყვით არ გამოსულა.
დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტარებმა, სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.
რაც შეეხება დემონსტრანტების რაოდენობას, სხვადასხვა გამოცემების მიერ გავრცელებული მონაცემებით, მათი რაოდენობა 60 000–დან 120 000მდე იყო.
მოძრაობა „სირცხვილიამ“, რომელიც აქციის ორგანიზატორია, აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება. "სირცხვილიას" ცნობით, მოძრაობის მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა იქნება.
მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია 24 ივნისს მას შემდეგ გაიმართება, რაც ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
დემინსტრანტებმა აქციის დასასრულს ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.


