Accentnews.ge
"ოცნების" წევრი დეპუტატი - აქციაზე: "ჩვენი და სხვა პარტიის მომხრეებიც გაერთიანებულნი იყვნენ ერთი მოთხოვნით"

"ოცნების" წევრი დეპუტატი - აქციაზე: "ჩვენი და სხვა პარტიის მომხრეებიც გაერთიანებულნი იყვნენ ერთი მოთხოვნით"

21/06/2022 08:15:46 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც 20 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გაიმართა, მმართველი პარტიის მხარდამჭერებიც იყვნენ მისული.

"გუშინ არც ერთი სიტყვა არ იყო სააკაშვილთან დაკავშირებით, არც "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების შემცველი. მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, სხვა პარტიის მომხრეებიც გაერთიანებულნი იყვნენ ერთი მოთხოვნით - ევროპაში, ევროპისკენ წინ. მეც ამ სულისკვეთებას ვიზიარებ. [...] გუშინ მთელი დღის განმავლობაში "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა სულისკვეთება, რომ ხელში ჩაეგდოთ სადავეები, მაგრამ არ გამოუვიდათ. დიახ უნდა აღინიშნოს, რომ აქცია იყო მრავალპარტიული, იყო განსხვავებული ორიენტაციის, მსოფლმხედველობის ხალხი გაერთიანებული, მათი სულისკვეთება იყო ევროპისკენ წინ. გაცილებით მეტია მოსახლეობა, ვინც ითხოვს, კიდევ უფრო მეტად ითხოვს, ევროპისკენ სრული სვლით წასვლას", – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის: თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" 20 ივნისს 20:00სთ–ზე დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას მთელი დღის განმავლობაში ენმ-სთან და ოპოზიციასთან აკავშირებდნენ, თუმცა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დემონსტრაციაზე სიტყვით არ გამოსულა.

დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტარებმა, სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

რაც შეეხება დემონსტრანტების რაოდენობას, სხვადასხვა გამოცემების მიერ გავრცელებული მონაცემებით, მათი რაოდენობა 60 000–დან 120 000მდე იყო.

მოძრაობა „სირცხვილიამ“, რომელიც აქციის ორგანიზატორია, აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება. "სირცხვილიას" ცნობით, მოძრაობის მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა იქნება.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია 24 ივნისს მას შემდეგ გაიმართება, რაც ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

დემინსტრანტებმა აქციის დასასრულს ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S