ღუდუშაური: "აქციაზე ძალიან ბევრი ხალხი იყო"
21/06/2022 08:25:07 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ გუშინდელ აქციაზე ძალიან ბევრი ხალხი იყო.
"ძალიან ბევრი ხალხი იყო, აქ მთავარი ეს არ არის, ძალიან ბევრი იყო და რა თქმა უნდა, ბევრი იქნება ქართველი ხალხი იმ აქციაზე, სადაც არის მოწოდება რომ ჩვენ ევროპისკენ. გულდასაწყვეტი აქ ის არის, რომ გასაგებია, ეს ნაციონალური მოძრაობის და მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ იყო მაინც ძირითადი ნაწილი დაორგანიზებული", – აცხადებს ღუდუშაური.
ცნობისთვის: თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" 20 ივნისს 20:00სთ–ზე დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას მთელი დღის განმავლობაში ენმ-სთან და ოპოზიციასთან აკავშირებდნენ, თუმცა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დემონსტრაციაზე სიტყვით არ გამოსულა.
დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტარებმა, სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.
რაც შეეხება დემონსტრანტების რაოდენობას, სხვადასხვა გამოცემების მიერ გავრცელებული მონაცემებით, მათი რაოდენობა 60 000–დან 120 000მდე იყო.
მოძრაობა „სირცხვილიამ“, რომელიც აქციის ორგანიზატორია, აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება. "სირცხვილიას" ცნობით, მოძრაობის მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა იქნება.
მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია 24 ივნისს მას შემდეგ გაიმართება, რაც ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
დემინსტრანტებმა აქციის დასასრულს ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.


