Accentnews.ge
"აქციაზე ადამიანების ნაწილი არ მისულა გადატრიალების შესახებ გეგმების მოსასმენად"

"აქციაზე ადამიანების ნაწილი არ მისულა გადატრიალების შესახებ გეგმების მოსასმენად"

21/06/2022 08:37:56 პოლიტიკა

ვიცე–პრემიერი თეა წულუკიანი გუშინ თბილისში გამართულ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ადამიანების ნაწილი იქ არ მისულა გადატრიალების შესახებ გეგმების მოსასმენად".

„გუშინდელი აქცია, რა საკვირველია, არ მოიცავდა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც სურთ მთავრობის ჩამოგდება. იქ იყვნენ ადამიანები, ვინც მართლა გულწრფელად მიილტვის და მიისწრაფვის იქითკენ, რისკენაც მივისწრაფვით ყველანი ჩვენ. ამ ადამიანებიდან არაერთისთვის, მე და თქვენ ვიცით, რომ იყო გარკვეული იმედგაცრუება იმიტომ, რომ ისინი იქ არ მისულან იმისთვის, რომ მოესმინათ გადატრიალების შესახებ გეგმები და ისინი არ იყვნენ მოცულნი იმ მიზნით, რომ აქციაზე მისულიყვნენ რევოლუციის მოთხოვნით“, – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის: თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" 20 ივნისს 20:00სთ–ზე დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას მთელი დღის განმავლობაში ენმ-სთან და ოპოზიციასთან აკავშირებდნენ, თუმცა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დემონსტრაციაზე სიტყვით არ გამოსულა.

დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტარებმა, სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

რაც შეეხება დემონსტრანტების რაოდენობას, სხვადასხვა გამოცემების მიერ გავრცელებული მონაცემებით, მათი რაოდენობა 60 000–დან 120 000მდე იყო.

მოძრაობა „სირცხვილიამ“, რომელიც აქციის ორგანიზატორია, აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება. "სირცხვილიას" ცნობით, მოძრაობის მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა იქნება.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია 24 ივნისს მას შემდეგ გაიმართება, რაც ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

დემინსტრანტებმა აქციის დასასრულს ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S