Accentnews.ge
კობახიძე: "სააკაშვილისა და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს"

კობახიძე: "სააკაშვილისა და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს"

21/06/2022 09:00:09 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გუშინ "ბაკურიანის გეგმა" გაახმოვანეს აქციაზე, სადაც მოქალაქეები ევროპული გზის მხარდასაჭერად მივიდნენ.

"გუშინ დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა - პოლიტიკურ გზავნილებს არ აჟღერებდნენ, რათა ხალხი არ დაშლოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა. გეგმა, რომელიც ითვალისწინებს "შულავერის კომიტეტის" გამომზეურებას და რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას. ეს იყო ტერმინი, რომელიც გამოიყენა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა. სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს. ქვეყნის წალეკვის მორიგი მცდელობაც იქნება წარუმატებლად დასრულებული, საქართველოში იქნება მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, რის გარეშეც ევროპაში ვერ შევალთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" 20 ივნისს 20:00სთ–ზე დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას მთელი დღის განმავლობაში ენმ-სთან და ოპოზიციასთან აკავშირებდნენ, თუმცა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დემონსტრაციაზე სიტყვით არ გამოსულა.

დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტარებმა, სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

რაც შეეხება დემონსტრანტების რაოდენობას, სხვადასხვა გამოცემების მიერ გავრცელებული მონაცემებით, მათი რაოდენობა 60 000–დან 120 000მდე იყო.

მოძრაობა „სირცხვილიამ“, რომელიც აქციის ორგანიზატორია, აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება. "სირცხვილიას" ცნობით, მოძრაობის მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა იქნება.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია 24 ივნისს მას შემდეგ გაიმართება, რაც ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

დემინსტრანტებმა აქციის დასასრულს ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S