კობახიძე – ენმ–ს და "ლელოს": "ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის"
21/06/2022 09:11:57 პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში რომ მოქმედებდეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, "პირველ რიგში ოლიგარქებად აღიარებულები იქნებოდნენ „ლელოს“ ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი".
კობახიძემ ოპოზიციას მიმართა ოლიგარქები თავისთან მოიკითხონ და დეოლიგარქიზაციისთვის მოემზადონ:
„დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობა“ და „ლელო“ - ორი მთავარი, რადიკალური ოპოზიციური პარტია. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონია მიღებული და ამ კანონის მიხედვით, ეს რომ საქართველოში იყოს მოქმედი, ორივე პარტიის ლიდერები იქნებოდნენ აღიარებული ოლიგარქებად. ესენი არიან „ლელოში“ ხაზარაძე - ჯაფარიძე და „ნაცმოძრაობაში“ - სააკაშვილი - კეზერაშვილი. ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის, ჩემო მეგობრებო“.
მოგვიანებით, “ლელოს” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა:
“საინტერესოა, რომ აქციას, რომელსაც ევროკავშირის ელჩი ღირსეულ, მშვიდობიან მანიფესტაციას უწოდებს საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდასაჭერად, უმრავლესობის და ივანიშვილის მსახური დეპუტატები ჩვენს პარლამენტში მიიჩნევენ ოპოზიციის მიერ მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით დაგეგმილ აქციას. დიახ, ესე იგი, სწორად გესმით გზავნილი, რომელიც ევროკავშირმა გაუგზავნა ქართველ ხალხს. არჩევანი დღეს ქართველ ხალხზეა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ან ვირჩევთ ევროპას, ან ვირჩევთ ჩვენს მომავალს ევროკავშირში, ან ვირჩევთ რუსი ოლიგარქის რეჟიმს და მისი მმართველობის გაგრძელებას ამ ქვეყანაში. მე არავის ვურჩევ, რომ აქ რაღაც ინიციატივებით სამართლებრივი დევნა დაიწყოს ქვეყანაში ოპოზიციის წინააღმდეგ ოლიგარქიასთან ბრძოლის საფარქვეშ. გაფრთხილებთ, რომ ყველა მსგავსი ინიციატივა მხოლოდ დააჩქარებს იმ პროცესს, რაც უკვე დაიწყო, როდესაც ევროპარლამენტმა ძალიან ნათლად თქვა, ვინ არის ჩვენს ქვეყანაში ოლიგარქი და სანქციების შემოღება მოითხოვა ივანიშვილის წინააღმდეგ".


