ლომჯარია – აქციაზე: "ხალხი არც მოდუნებულა, არც დაღლილა ღირებულებებისთვის საბრძოლველად"
21/06/2022 11:09:32 პოლიტიკა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარი გუშინ თბილისში გამართულ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ხალხი არც მოდუნებულა, არც დაღლილა ღირებულებებისთვის საბრძოლველად".
"ჩემი შთაბეჭდილებები გუშინდელი აქციიდან:
1. კვლევების შედეგები, რომ მოსახლეობის 80%-90%-ს ევროპა უნდა, რეალობაა;
2. აქციაზე თუ ყველა პარტიის მხარდმჭერები იყვნენ, ეს არაჩვეულებრივი ამბავია! ჩავთვალოთ, რომ დეპოლარიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ ხალხი დგამს ნაბიჯებს;
3. ქართული საზოგადოება (განურჩევლად თაობისა) გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა;
4. მმართველი პარტიის პროპაგანდა და ნაბიჯები, რომელიც მუდმივად გათვლილი იყო სტერეოტიპულ, პოსტსაბჭოთა მენტალობის მქონე ქართველზე, უბრალოდ არ იმუშავებს, რადგან იხილეთ მე-3 პუნქტი;
5. ხალხი არც მოდუნებულა, არც დაღლილა ღირებულებებისთვის საბრძოლველად, არც თაობათა შორის თუ პოლიტიკურ შეხედულებებს შორისაა ხელშესახები გაუცხოება, უბრალოდ არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა ჰყავს მობეზრებული, და ეს არის ქართული დემოკრატიის სისუსტე, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ხელისუფლებასთან ერთად", – წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: თბილისში, რუსთაველი გამზირზე აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" 20 ივნისს 20:00სთ–ზე დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას მთელი დღის განმავლობაში ენმ-სთან და ოპოზიციასთან აკავშირებდნენ, თუმცა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დემონსტრაციაზე სიტყვით არ გამოსულა.
დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტარებმა, სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.
რაც შეეხება დემონსტრანტების რაოდენობას, სხვადასხვა გამოცემების მიერ გავრცელებული მონაცემებით, მათი რაოდენობა 60 000–დან 120 000მდე იყო.
მოძრაობა „სირცხვილიამ“, რომელიც აქციის ორგანიზატორია, აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება. "სირცხვილიას" ცნობით, მოძრაობის მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა იქნება.
მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია 24 ივნისს მას შემდეგ გაიმართება, რაც ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
დემინსტრანტებმა აქციის დასასრულს ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.


