ნაცვლიშვილი – "ოცნებას": "ასიათასობით ადამიანი ქუჩაში გამოსული რომ დაინახეთ, აღარ იცით რა ქნათ, აჭრილი ხართ „მესიჯბოქსში"
21/06/2022 11:40:20 პოლიტიკა
„ბოლოს და ბოლოს, იქნებ ჩამოყალიბდეთ, გუშინ საქართველოს ათიათასობით მოქალაქემ რომ დაიკავა რუსთაველის გამზირი, თქვენი იყო ეს ხალხი თუ „ნაციონალური მოძრაობის“? ძალიან აჭრილი ხართ „მესიჯბოქსში“, – ასე მიმართა "ლელოს" წევრმა დეპუტატამა ანა ნაცვლიშვილმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს.
მისი თქმით, საცოდავი და უბადრუკია ხელისუფლების განცხადებები თითქოს გუშინდელი აქცია „შინ ევროპისკენ“ ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული.
"გუშინ ამბობდით,რომ „ნაცების“ აქცია არისო, მერე ზოგმა ისიც თქვა, რუსების აქცია არისო, რომ დაინახეთ ასიათასობით ადამიანი გამოსული, ახლა აღარ იცით რა ქნათ. არც თქვენია ეს ხალხი და არც რომელიმე ერთი პარტიის. ეს ხალხი არის საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს ევროპელი მოქალაქეები, რომლებმაც გუშინ თქვეს, რომ სახელმწიფო არის მოქალაქე. თითოეული მოქალაქე ხდება ამ ქვეყნის ლიდერი, იღებს პასუხისმგებლობას თავის ქვეყანაზე, რომ ის ივლის წინ და ვერავინ შეძლებს გადააგდოს ევროპული, მშვიდობიანი და დემოკრატიული გზიდან. აი, ეს გითხრეს გუშინ საქართველოს მოქალაქეებმა. ამ მოქალაქეებს უპირისპირდებით თქვენ თქვენი საცოდავი და უბადრუკი „მესიჯბოქსით“ დღეს. პირველად ვხედავ ასე ცხადად, რას ნიშნავს ქართული გამოთქმა, „შიშს დიდი თვალები აქვსო“- დიდი თვალები აქვს და მტრედივით ჟღურტული სცოდნია შეშინებულ ადამიანებს: დავსხდეთ ერთად, ვიაროთ წინ, არ გვინდა პოლარიზება, ვწეროთ რეფორმები, რას აკეთებდით მთელი 1 წელი?!“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის: თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" 20 ივნისს 20:00სთ–ზე დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას მთელი დღის განმავლობაში ენმ-სთან და ოპოზიციასთან აკავშირებდნენ, თუმცა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დემონსტრაციაზე სიტყვით არ გამოსულა.
დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტარებმა, სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.
რაც შეეხება დემონსტრანტების რაოდენობას, სხვადასხვა გამოცემების მიერ გავრცელებული მონაცემებით, მათი რაოდენობა 60 000–დან 120 000მდე იყო.
მოძრაობა „სირცხვილიამ“, რომელიც აქციის ორგანიზატორია, აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება. "სირცხვილიას" ცნობით, მოძრაობის მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა იქნება.
მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია 24 ივნისს მას შემდეგ გაიმართება, რაც ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
დემინსტრანტებმა აქციის დასასრულს ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.


