პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს სთხოვს, მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას
21/06/2022 16:09:16 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს სთხოვს, მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა პოლონეთის, ხორვატიის, გერმანიის, საფრანგეთის, ირლანდიის, იტალიის პრეზიდენტებს და ბელგიის, დანიის, შვედეთის, ნიდერლანდების პრემიერ–მინისტრებს.
"ბატონო პრეზიდენტო, გერმანიამ თავისი ისტორიიდან იცის, რომ ევროპელებს ერთმანეთისგან კედლები არ უნდა ჰყოფდეთ. როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მეგობარი და პარტნიორი, გვაქვს იმედი, რომ საქართველოს დაეხმარებით თავის ევროპულ გზაზე ამ გადამწყვეტ მომენტში", - მიმართავს სალომე ზურაბიშვილი ფრანკ უოლტერ შტაინმაიერს.
საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პოლონეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
"ბატონო პრეზიდენტო, საქართველო და პოლონეთი იზიარებენ საერთო ტრაგიკულ წარსულს - ოკუპაციის, ევროპული ოჯახიდან მოწყვეტის წარსულს. მაშინ, როცა ევროპულმა საბჭომ ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, საქართველოს, როგორც ყოველთვის, აქვს პოლონეთის სოლიდარობის, მეგობრობის და ძმობის იმედი, რომ მხარს დაუჭერს ჩვენს ევროპისკენ მიმავალ გზას", -აცხადებს პრეზიდენტი პოლონელ კოლეგა ანჯეი დუდასადმი მიმართვაში.
ცნობისთვის: ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს. ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველადი შეფასება სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება. კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.


