"ბრძოლის ეს ეტაპი არ გულისხმობს ხელისუფლებაში მოსვლას"
21/06/2022 18:53:45 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გუშინ თბილისში გამართულ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ბრძოლის ეს ეტაპი არ გულისხმობს ხელისუფლებაში მოსვლას".
როგორც მან გადაცემა „რეაქციაში” განაცხადა, პოლიტიკური პარტიების ბრძოლის დრო დადგება სხვა ეტაპზე, როდესაც ერთმანეთს შეეჯიბრებიან პროგრამებით, დებატებში.
"ახლა რა დროს პოლიტიკური არჩევნებია, დღეს გადარჩენისთვის ვიბრძვით. [...] ბრძოლის ეს ეტაპი არ გულისხმობს ხელისუფლებაში მოსვლას, ბრძოლის ეს ეტაპი გულისხმობს ევროპაში შესვლას”, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, გუშინ აქციაზე კოალიციური ამომრჩეველი ერთად დადგა და პოლიტიკოსებმა ამ მოქალაქეებს პატივი უნდა სცენ.
"მე მიხარია, რომ გუშინ ფსიქოლოგიური ბარიერი ჩვენ ყველამ გადავლახეთ და იქ კოალიციური ამომრჩეველი დადგა ერთად”, – განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის: თბილისში, რუსთაველი გამზირზე აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" 20 ივნისს 20:00სთ–ზე დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას მთელი დღის განმავლობაში ენმ-სთან და ოპოზიციასთან აკავშირებდნენ, თუმცა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დემონსტრაციაზე სიტყვით არ გამოსულა.
დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტარებმა, სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.
რაც შეეხება დემონსტრანტების რაოდენობას, სხვადასხვა გამოცემების მიერ გავრცელებული მონაცემებით, მათი რაოდენობა 60 000–დან 120 000მდე იყო.
მოძრაობა „სირცხვილიამ“, რომელიც აქციის ორგანიზატორია, აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება. "სირცხვილიას" ცნობით, მოძრაობის მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა იქნება.
მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია 24 ივნისს მას შემდეგ გაიმართება, რაც ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
დემინსტრანტებმა აქციის დასასრულს ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.


