„რადიო თავისუფლება“ - ევროპული საბჭო მზადაა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს პრიორიტეტის შესრულების შემდეგ
22/06/2022 05:40:54 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს დოკუმენტის პროექტში აღნიშნულია, რომ საბჭო მზად არის, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, როგორც კი ევროკომისიის დასკვნაში საქართველოსთვის განსაზღვრული პრიორიტეტები შესრულდება, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ევროპული საბჭო უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.
„ევროპული საბჭოს დოკუმენტის საბოლოო პროექტის თანახმად: „ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას. ასევე აღნიშნავს, რომ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ გაწერილი ყველა პირობა სრულად დაკმაყოფილდება", - წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის: ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს. ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველადი შეფასება სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება. კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.


