ვინ (არ) შეუერთდა მარგველაშვილის ინიციატივას
22/06/2022 07:13:46 პოლიტიკა
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპულ საბჭოს მიმართავს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.
აღნიშნული შინაარსის წერილი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს დღეს, 22 ივნისს გადასცა.
როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, წერილს ხელს აწერს 2016 წლამდე მოქმედი ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი. მათ შორის არიან მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები: აკაკი ასათიანი, ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი.
გიორგი მარგველაშვილის მიმართვას არ უერთდება მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე „ქართული ოცნების“ დროინდელი პარლამენტის თავმჯდომარეები: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალკვაძე და შალვა პაპუაშვილი.
„პირველად მოხდა საქართველოში, რომ 2016 წლამდე მოქმედი ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი აწერს ამ პოზიციას ხელს. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ამ პოზიციების დაფიქსირება: დაფიქსირება იმ წერტილების, სადაც ჩვენი განსხვავებების მიუხედავად ერთიანები ვართ. არ შემიძლია, არ გავიხსენო ის პოლიტიკოსი, რომელიც ყველაზე მეტად იქნებოდა ინიციატორი და ამ დოკუმენტზე ხელის მომწერი. მან თქვა ისტორიული ფრაზა – „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“. ეს ზურაბ ჟვანიაა“,– განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, 24 ივნისამდე ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა იმის მისაღწევად, რომ ვალდებულებები დარჩენილიყო, თუმცა ჯერ კანდიდატობა მოეცათ და ვალდებულებების შემდეგ შესრულებაზე ყოფილიყო საუბარი.
„სააკაშვილის სამკურნალოდ გაშვება და გვარამიას გამოშვება – ამ პუნქტის შესრულება ჯერ კიდევ შესალებელია. თუ ამ პაკეტით წავსდგგებით ჩვენ 24 ივნისისთვის, ჯერ კიდევ არის შანსი ვითარების გამოსწორების“,– დასძინა მარგველაშვილმა.
17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, თუმცა – პირობებით. რაც შეეხება საქართველოს – კანდიდატის სტატუსი ჯერ არ იქნება, თუმცა იქნება პირობები, რომელთა წარმატებით შესრულების შემდეგაც, ევროკომისია მოუბრუნდება საქართველოს საკითხს.
საბოლოო გადაწყვეტილება კი ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, რომელიც 23-24 ივნისს შეიკრიბება.


