Accentnews.ge
გალერი – ევროპული საბჭოს მიერ კომისიის რეკომენდაციის შესაძლო უარყოფაზე: "საბჭოშიც ისეთივე იმედგაცრუებულები არიან, როგორც – პარლამენტში"

გალერი – ევროპული საბჭოს მიერ კომისიის რეკომენდაციის შესაძლო უარყოფაზე: "საბჭოშიც ისეთივე იმედგაცრუებულები არიან, როგორც – პარლამენტში"

22/06/2022 07:31:17 პოლიტიკა

გერმანელი ევროპარლამენტარის, "ევროპის სახალხო პარტიის“ საგრეო ურთიერთობათა სპიკერ მიხაელ გალერის შეფასებით, ევროპულ საბჭოშიც, ევროპარლამენტის მსგავსად, საქართველოსთან დაკავშირებით იმედგაცრუებულნი არიან. ამის შესახებ მან "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, რჩება თუ არა შანსი იმისა, რომ ევროპულმა საბჭომ ევროკომისიისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს, ევროპარლამენტარმა შემდეგი განაცხადა:

"რატომ უნდა უარყოს ევროსაბჭომ კომისიის წინადადება? საბჭოშიც ისეთივე იმედგაცრუებულები არიან, როგორც ჩვენ ვართ პარლამენტში. თუმცა სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება უნდა იყოს დადებითად ადაპტირებული უფრო ადრე, ვიდრე გვიან, როგორც კი საჭირო პირობები დაკმაყოფილდება. ეს საქართველოს ხელშია".

როგორც გალერი აცხადებს, "საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭება ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია":

"პარლამენტში საკუთარი უმრავლესობით და ფართო ეროვნული კონსენსუსით ევროპულ გზაზე მათ შეეძლოთ, შეესრულებინათ შარლ მიშელის შეთანხმება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სამჯერ ჩავიდა საქართველოში, რათა დაჰხმარებოდა ქვეყანას შიდა პოლიტიკური ჩიხის დაძლევაში".

ამასთან, გალერი ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის განვითარების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

"ევროკავშირში ინტეგრაცია არ გულისხმობს მხოლოდ ცარიელ სიტყვებს და რაიმე სახის კანონმდებლობის ოფიციალურად მიღებას. ეს ასევე მოითხოვს, პირველ რიგში, მაგრამ არა მხოლოდ ხელისუფლებისგან ქვეყნის პოლიტიკური კულტურის შემდგომ განვითარებას".

ევროპარლამენტარი საქართველოში მიმდინარე ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებსაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "ხალხის დემონსტრაციები ნათლად აჩვენებს, თუ სად დგას საქართველო – უკრაინასთან, ევროკავშირთან რუსეთის ტოტალიტარული აგრესიული ომის წინააღმდეგ".

ცნობისთვის: ევროკავშირის არსებობის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც 1976 წელს ევროკავშირის საბჭო არ დაეთანხმა ევროკომისიის დასკვნას საბერძნეთისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭების თაობაზე.

ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარებას. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს. ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველადი შეფასება სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება. კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S