"ქვეყნის დასჯაა, სტატუსი რომ არ მოგვცეს"
22/06/2022 08:13:28 პოლიტიკა
თბილისის მერი, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭებით ევროკავშირი საქართველოს სჯის, გაღებული მსხვერპლის და გატარებული რეფორმების მიუხედავად.
“გულდასაწყვეტია, რომ ეს სტატუსი არ მოგვცეს, რა თქმა უნდა, ამას თავისი ახსნა აქვს. საქართველომ მართლა ყველაფერი გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა გატარებული რეფორმებით. არაფერზე უკან არ დაგვიხევია. გვქონდა ომები, გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი სამხედროები ყველაზე დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. ყველაზე მეტად თავგანწირვით იბრძოდნენ, უამრავი დაღუპული ჯარისკაცი, უამრავი ხელდაკარგული, ფეხდაკარგული ჯარისკაცი, ეს ჩვენთვის ბევრ რამეს ნიშნავს და თითოეულმა ქართველმა, თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, თუ რამხელა ხარჯი გაიღო საქართველომ ამ ყველაფრისთვის. და რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება და პირდაპირ შეიძლება თქმა, რომ ქვეყნის დასჯაა, რომ არ მოგვცეს სტატუსი. მაგრამ ფარხმალი არ უნდა დავყაროთ, გავაგრძელოთ მუშაობა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ სტატუსის მოპოვებას შევძლებთ”, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ კანდიდატის მინიჭებისთვის ძალისხმევა უნდა განაგრძოს.
"უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმ მიმართულებით, რომ რაც არის წინასწარი დათქმები, ყველაფერი შესრულდეს, როგორც ეს გავაკეთეთ ასოცირების ხელშეკრულებასთან მიმართებით, იგივე ვიზალიბერალიზაცია, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში სტატუსს მივიღებთ. ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ისეთ განცხადებებს ვისმენთ, რომ გეოპოლიტიკურად საქართველო საინტერესო ადგილზე არ არის. პირდაპირი განცხადება იყო ამასთან დაკავშირებით გაკეთებული, რაც გულდასაწყვეტია. 10 წელია, ამ მიმართულებით მივდივართ და ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა, საოცრებაა და არ ვიცი, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავითარ შემთხვევაში, ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ, ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება, მალე გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. ჩვენ დღესაც, გუშინაც და გუშინწინაც ვიყავით ამ მიმართულებაზე და ერთი საერთო მიზანი გვაქვს-საქართველოს გაწევრიანება ერთ დიდ ევროპულ ოჯახში“, -განაცხადა კალაძემ.


