Accentnews.ge
"ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში უნდა მოდიოდეს ერთადერთი მიზნით, რაც იქნებოდა განცხადება გადადგომის შესახებ"

"ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში უნდა მოდიოდეს ერთადერთი მიზნით, რაც იქნებოდა განცხადება გადადგომის შესახებ"

22/06/2022 08:57:54 პოლიტიკა

"ლელოს" წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

მისი თქმით, ღარიბაშვილს პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი დღეს გაურკვეველია.

"პრემიერ-მინისტრი უნდა მოსულიყო ზეგ პარლამენტში, მაგრამ როგორც ჩანს, მან ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული საბჭო ძალაში დატოვებს ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ამ ეტაპზე ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და მან გადაწყვიტა დღეს მოსულიყო პარლამენტში. თუ ფიქრობს, რომ ამით თავს აარიდებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც პირადად მას და მის მთავრობას ეკისრება განაცხადის წარუმატებლობაზე, ის არის ძალიან ღრმად შემცდარი. თქვენ გახსოვთ, მისი უკანასკნელი ვიზიტის დროს პარლამენტში ჩემი შეკითხვა ეხებოდა იმას, რომ როცა ბრიუსელში ჩავიდა ღარიბაშვილი და გააცნეს ჩამონათვალი პრობლემატური საკითხების, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებდა მათ მოსაგვარებლად. მისი პასუხი იყო, რომ ეს არის ტყუილი და არანაირი პრობლემატური სია მისთვის არავის გადაუცია. თუმცა ჩვენ ვნახეთ შედეგი. ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილი აქ უნდა მოდიოდეს ჩემი აზრით ერთადერთი მიზნით, რაც იქნებოდა განცხადება გადადგომის შესახებ, რადგან პირადად ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩვენი განაცხადი დამთავრდა ასე, როგორც დამთავრდა", – განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის: ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარებას. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს. ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველადი შეფასება სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება. კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს წარუდგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S