ზარქუა 24 ივნისისთვის დაგეგმილ აქციაზე მისვლას არ გამორიცხავს
22/06/2022 09:58:36 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ირაკლი ზარქუა 24 ივნისისთვის დაგეგმილ აქციაზე მისვლას არ გამორიცხავს.
"ის რაც აქცია იყო, იქ იყო გაერთიანებული განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანები და ჩვენ ვნახეთ, მცდელობა იყო რადიკალური ოპოზიციისგან, რომ ვთქვათ სცენაზე ასულიყვნენ, ბანერები აეტანათ და ისინი როგორ ჩამოაგდეს იქიდან და სწორი მიდგომა იყო, რა დროს მიშა და "ნაციონალური მოძრაობაა". აქ ეროვნული თანხმობაა საჭირო, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა უფრო ცხადი და ხელშესახები გახდეს. რას ველოდები? ველოდები იმას, რომ ისევ შეიკრიბებიან, შევიკრიბებით, მათ შორის – ჩვენი მომხრეებიც, შეიძლება, მეც ვიყო. წინა აქციაზე, მათ შორის ჩვენი მხარდამჭერებიც იყვნენ, ძალიან ბევრი, ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმულ იქნა ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მშვიდობიანად ჩატარდა აქცია, რაც არის დიახ, ნამდვილად, ქართული სახელმწიფოს საკადრისი. იმ ღირებულებების დამცველები ვართ, რომლითაც ევროპა დღემდე ამაყობს", – აცხადებს ზარქუა.
ცნობისთვის: თბილისში, რუსთაველი გამზირზე აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" 20 ივნისს 20:00სთ–ზე დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას მთელი დღის განმავლობაში ენმ-სთან და ოპოზიციასთან აკავშირებდნენ, თუმცა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დემონსტრაციაზე სიტყვით არ გამოსულა.
დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტარებმა, სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.
რაც შეეხება დემონსტრანტების რაოდენობას, სხვადასხვა გამოცემების მიერ გავრცელებული მონაცემებით, მათი რაოდენობა 60 000–დან 120 000მდე იყო.
მოძრაობა „სირცხვილიამ“, რომელიც აქციის ორგანიზატორია, აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება. "სირცხვილიას" ცნობით, მოძრაობის მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა იქნება.
მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია 24 ივნისს მას შემდეგ გაიმართება, რაც ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარებას. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს. ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველადი შეფასება სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება. კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.


