კობახიძე – სტატუსზე: "კომისიის და საბჭოს გადაწყვეტილებებს შორის არსებითი სხვაობა ვერ იქნება"
22/06/2022 10:43:44 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ააცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს შორის არსებითი სხვაობა არ იქნება.
მისი თქმით, ხელისუფლებას ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს ევროკავშირის წარმომადგენლებთან, თუმცა მისივე თქმით, გადაწყვეტილების ცვლილების პრაქტიკული შანსი არ არსებობს.
"ყველამ იცის, ჩვენც ვიცით და ოპოზიციამაც იცის, აქაც ფეიკ კამპანიას აწარმოებენ იმაზე, რომ შეიძლება, რაღაც შეიცვალოს, არის მხოლოდ თეორიული შანსი იმის, რომ რაღაც მოხდეს. პრაქტიკული შანსი ამის არ არსებობს და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც გარკვეული არიან საბჭოს საქმიანობაში და გამოაქვთ ინფორმაცია, უკვე თქვეს, რომ კომისიის გადაწყვეტილებას გაიმეორებს საბჭო. ამ დღეებში რაიმეს შეცვლის არავითარი პერსპექტივა არ არსებობდა. არასწორი მოლოდინი შექმნეს, რომ კიდევ ერთხელ ემოციები გაახურონ. ეს არის რეალობა. [...] კომუნიკაცია არ წყდება, ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები არიან ყოველდღიურ კომუნიკაციაში ევროკავშირის წარმომადგენლებთან. რაც შეეხება იმას, ვიზიტი, რომ გააკეთო ამ ორ სამ დღეში, ეს არაფერს შეცვლის. ყველაფერი კეთდება, მაგრამ ყველას ესმის აბსოლუტურად, რომ კომისიის გადაწყვეტილებას შორის და საბჭოს გადაწყვეტილებას შორის არსებითი სხვაობა ვერ იქნება", – აცხადებს კობახიძე.
ცნობისთვის: ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარებას. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს. ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველადი შეფასება სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება. კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.


