„მსგავსი რამ არსად წერია“ – რატომაა პრობლემური NATO–ზე ღარიბაშვილის განცხადება

22-06-2022 14:56:14 ანალიზი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, რომ ნატო–ში გაწევრიანებამდე ქვეყანამ ჯერ ტერიტორიული პრობლემები უნდა მოაგვაროს, საქართველოში სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდამჭერებში შეშფოთება გამოიწვია, თანხვედრაში მოვიდა რა მთავრობის მეთაურის გზავნილი რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიასთან. სწორედ ამ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას თემის კომენტატორები ღარიბაშვილის განცხადების პრობლემურობის განმარტებისას.

„აქცენტი“ გთავაზობთ რამდენიმე ყოფილი თანამდებობის პირის მოსაზრებებს, რომელთაც სხვადასხვა დროს (მათ შორის, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში) უშუალოდ უწევდათ პარტნიორებთან მუშაობა, მათ შორის საქართველოს დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მიმართულებით.

„ეს არის საქართველოსთვის უკიდურესად დამაზიანებელი განცხადება: ის, რაც ხდება საქართველოში, უკრაინაში და მოლდოვაში – რასაც რუსეთი ახორციელებს ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ, მიზნად სწორედ იმას ისახავს, რომ ამ სახელმწიფოებმა ვერასდროს მოახერხონ ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოება. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, მუდმივი დესტაბილიზაცია – რუსეთი ცდილობს, ამ გზით დანარჩენ მსოფლიოს (ამ შემთხვევაში ევროპელ და ევროატლანტიკურ პარტნიორებს) უთხრას, რომ „ეს ქვეყნები არასტაბილურები არიან, რომ აქ მიმდინარეობს საომარი დაპირისპირება და ამიტომ, თქვენ ამ ქვეყნებთან საქმე არ უნდა დაიჭიროთო“. როდესაც ჩვენ, მათ შორის, დიპლომატები ვესაუბრებით პარტნიორებს, ვეუბნებით, რომ „ამ თამაშში რუსებს არ უნდა შეჰყვეთ, ხოლო თუ შეჰყვებით, გაიზიარებთ ამ მიდგომას, რომ ვიდრე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, არ გადადგამთ მომდევნო ნაბიჯებს თუნდაც ნატო–ში და ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის თვალსაზრისით, გამოდის, რომ რუსეთი იმარჯვებს, რუსეთი გიგებთ ამ თამაშს, რომელსაც თავად აწარმოებს თქვენს და ჩვენს წინააღმდეგ“ – ეს იყო ჩვენი მთავარი გზავნილი. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამაზე დასტური და ამის ხაზგასმა პირდაპირ ნიშნავს რუსეთის თამაშის წახალისებას. რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმას. ეს პირდაპირ აზიანებს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს“, – ამბობს თემის კომენტირებისას დიპლომატი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, EPRC-ს უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება რუსეთისადმი კაპიტულანტური გზავნილის გაჟღერების ტოლფასია, მით უფრო რომ მსგავს მოთხოვნას პარტნიორები არ აყენებენ, ეს მითითებული არ არის არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში.

ამასთან, ამბობს იმასაც, რომ ეს პოლიტიკური ხაზის გაგრძელებაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ 2016 წლიდან ატარებს:

„მეტსაც გეტყვით, პარტნიორები ძალიან ხშირად, ყველა შეხვედრაზე გვეუბნებიან, რომ „2016 წლის შემდეგ ნატო–ში გაწევრიანების შესახებ მოთხოვნას საქართველოდან არავინ აღარ გვიყენებსო“. და ეს ერთმნიშვნელოვანია, რადგან საჯარო სივრცეში ჩვენ ასეთი რამ აღარ მოგვისმენია – არ მოგვისმენია არც საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების გამოსვლებში; არც შიდა კომუნიკაციის დროს; არც თავდაცვის მინისტრისგან საპარლამენტო ტრიბუნიდან ... აღარ ისმის ასეთი მოთხოვნა. ამიტომაც არ არის გასაკვირი ღარიბაშვილის განცხადება. ესაა გაგრძელება იმ ხაზის, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ–მინისტრის პოზიციიდან წასვლის შემდეგ ერთმნიშვნელოვნად გაჩნდა საქართველოს ხელისუფლებაში“.

საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრი, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი აზრი დომინანტური რომც იყოს რიგ ქვეყნებში, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მასზე დათანხმება პრობლემატურია ტაქტიკურად და სტრატეგიულადაც.

დიმიტრი ცქიტიშვილი: ტერიტორიული პრობლემების მქონე, მათ შორის, ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფი ქვეყნები გამხდარან ნატო–ს წევრები. მაგალითად, კვიპროსის საკითხი, თურქეთი და საბერძნეთი. ამ შემთხვევაში შეიძლება, ითქვას, რომ კონფლიქტის გაჩერების გზა აღმოჩნდა ალიანსის წევრობა. ამდენად, მსგავსი პოზიციონირება ჩვენს ინტერესში არ შედის. პირიქით, უნდა ვთქვათ, რომ ნატო–ში გაწევრიანება არაა ჩვენთვის კონფლიქტების სამხედრო ძალით გადაწყვეტის გზა. ეს არის უსაფრთხოების გზა, რომ ვითარება კიდევ უფრო არ გამწვავდეს და ვიღაცას არ გაუჩნდეს სურვილი, რომ ამის იქეთ დაიწყოს კიდევ ოკუპაცია. დაახლოებით ასეთი უნდა იყოს გზავნილები, მაგრამ რას გულისხმობდა პრემიერი ღარიბაშვილი და რა გამოუვიდა, ვერ გეტყვით. ვფიქრობ, პრობლემატურია პრემიერისგან ასეთი განცხადებების კეთება! ეს არ უნდა ხდებოდეს!

– გვესმის, რომ ნატო–ში საქართველოს ალიანსში მიწვევასთან დაკავშირებით კონსენსუსი ამ ეტაპზე არ არის, მაგრამ თქვენ 2019 წლამდე დეპუტატი იყავით, იყავით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, გქონდათ პარტნიორებთან კომუნიკაციები და ამ მოლაპარაკებებში საკითხი ამგვარად იდგა, რომ ჯერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა შევძლოთ და შემდეგ ვისაუბროთ წევრობაზე?

– ვერ გეტყვით, რომ უშუალოდ ნატო–ს მიმართულებით მოლაპარაკებებზე ვიყავი, მაგრამ როდესაც პარტნიორებთან ვსაუბრობდი და ეს თემაც იყო, ბევრი განსხვავებული აზრები ისმოდა, ბევრი პოზიცია გაჟღერებულა (გააჩნია, ვის ვესაუბრებოდი) და ეს მეორეხარისხოვანია. პრინციპული საკითხია, რომ საქართველოს წევრობაზე გარკვეული სკეფსისი არის რამდენიმე ქვეყანაში და ეს ვიცით, შესაბამისად, პედალირება, რომ ჩვენ მათი გვესმის და ამიტომ ამ გზით მივდივართ, სწორი არ მგონია, მით უფრო რომ არ ყოფილა ასეთი პოზიციონირება, „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, კონფლიქტების მოგვარების შემდეგ განვიხილოთ ეს საკითხიო“. ეს არც ერთი ოფიციალურ დოკუმენტში არ წერია! ბუნებრივია, ყოველთვის არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ არც ერთ ქვეყანას არ აქვს მსგავსი ოფიციალური პოზიცია. ამიტომაც, საკითხის ასე წამოწევა, რომ „გვესმის და ჩვენც ასე მოვიქცევითო“, ძალიან დიპლომატიურად რომ ვთქვა, სწორი არ არის! მეტიც, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ძირითადი პრობლემა ყოველთვის იყო ის, რომ „არ გართულდეს რუსეთთან ურთიერთობებიო“. დღეს ეს მოცემულობა შეიცვალა. ვფიქრობ, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე დავაჩქარეთ უკრაინასთან ერთად პროცესი, საქართველო ამჟამად შვედეთთან და ფინეთთან ერთად უნდა ცდილობდეს მომენტის გამოყენებას: შვედეთის და ფინეთის პარალელურად საქართველოს ჩართვა და ამ საკითხზე აქტიურად პედალირება, მათ შორის თურქეთთან (რომელიც ცოტათი ხელის შემშლელია შვედეთისა და ფინეთისთვის) ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების გამოყენება ... საქართველომ შეიძლება, ძალიან საინტერესო როლი მოირგოს ამ ორ ქვეყანასთან დაწყვილებით, რომ მათთან ერთად დაიწყოს გაწევრიანების დაჩქარების პროცესი. ვფიქრობ, პროცესის ფორსირება ახლა შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში, ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე იყო. შესაძლოა, ამ ეტაპზე მაინც არაფერი გამოვიდეს, რადგან სირთულეებია: ფიქრობენ, რუსეთის აგრესია საბოლოოდ როგორ სახეს მიიღებს და ა.შ. მაგრამ, მაინც ვფიქრობ, რომ რადგან ფინეთსა და შვედეთს შანსი გაუხსნეს და სწრაფად ხდება მათი გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტა, იქნებ ჩვენც გამოგვეყენებინა. მაგრამ ამ მხრივ მოძრაობას ვერ ვხედავ. საერთოდ ვერ ვხედავ, რომ ამ მომენტში ნატო–ს მიმართულებით ზოგადად რაიმე კეთდებოდეს. პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება კი არათუ დაჩქარებას, შენელებას უწყობს ხელს, რაც ჩვენს ინტერესებში არ არის. როდესაც მოსაზრებაზე, რომელიც ოფიციალურად არ დაფიქსირებულა, მთავრობა ამბობს, „გვესმის ეს პოზიცია და იდეაში, ვიზიარებთო“, შემაფერხებელია!

– ნიშნავს ეს ძალისხმევაზე უარის თქმას?

– ერთი განცხადება ძალისხმევაზე უარის თქმა ვერ იქნება, რადგან ნატო–საქართველოს თანამშრომლობა ერთი განცხადება და ერთი მთავრობის გადაწყვეტილება არაა – მთელი სამხედრო მიმართულებაა, რომელიც აქტიურად მუშაობს. თუ ეს პროცესი გაჩერდა, დავინახეთ ხარვეზები და ჩამორჩენა, ეს უკვე სტრატეგიული ცვლილებები იქნება. მგონია, რომ განცხადებაა არასწორად გაკეთებული. ამას საბოლოოდ რა ქმედებები მოჰყვება, არ ვიცი. ვიმეორებ, ეს განცხადება ცალსახად ხელის შემშლელია საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების პროცესისთვის.

– ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობს რუსეთის პროპაგანდისტული ხაზი ჩვენი იმიჯის კონტექსტში – რომ საქართველოს შეუმდგარი ქვეყანაა, კონფლიქტებზე ხდება მუდმივად ხაზგასმა... პრორუსული ჯგუფებიც სწორედ ამ ნარატივებზე აქცენტირებენ საზოგადოებასთან კომუნიკაციისას. შეიძლება ღარიბაშვილის განცხადება აღვიქვათ ერთის მხრივ, ამ პროპაგანდისტულ ხაზზე დასტურად, მეორეს მხრივ – გზავნილად რუსეთის მიმართ, რომ მიუხედავად წლების წინ ნატო–ს წევრობაზე გაკეთებული განცხადებისა, ამ მიმართულებით არანაირი აქტივობები არ გვაქვსო?

– ძალიან რთულია ხოლმე ერთი ფრაზით დასკვნების გაკეთება. ბევრი ინტერპრეტაციის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ – როგორც რუსეთის, ისე ჩვენი პარტნიორების მხრიან. ბევრი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის, ისეთის, რომელსაც თქვენ გულისხმობთ. ვიმეორებ, განაცხადი არასწორია. თუ სადმე მსგავსი პოზიცია არსებობს, უნდა ვთქვათ, რომ ეს არასწორია და არა ის, რომ მას ვიზიარებთ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები