„წამალი დალიე“, „არარაობა ხარ“, „მანიაკი“ – როგორ ესმის პრემიერ–მინისტრს დეპოლარიზაცია
22/06/2022 12:03:53 პოლიტიკა
იმ ფონზე, როდესაც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე ერთ–ერთ წინაპირობად დეპოლარიზაციაა მითითებული, ხოლო მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ რეკომენდაციებს შეასრულებს და ამ მიმართულებით ბრიუსელთან იმუშავებს, 22 ივნისს პრემიერ–მინისტრმა ოპონენტები საპარლამენტო ტრიბუნიდან დამამცირებელი ეპითეტებით მოიხსენია და ტრადიციულად გამოიყენა სიძულვილის ენა: „წყნარად იყავი“, „ჩუმად, იჯექი მანდ“, „საცოდავი ადამიანი ხარ“, „მანიაკების მხარდამჭერი“, „წამალი დალიე“, „არარაობა ხარ“, „მანიაკი, მასხარა კაცი“ [იგულისხმება პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი], "აკუნა, ნუ არტისტობ", "ეს წასაყვანია საავადმყოფოში" – ჟღერდა სხვადასხვა კონტექსტში პრემიერ–მინისტრის მხრიდან დარბაზში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ამა თუ იმ თემაზე გამოთქმული პროტესტის ფონზე.
პარლამენტის თავმჯდომარეს კორექტულობისკენ პრემიერ–მინისტრისთვის არ მოუწოდებია, თუმცა სიმშვიდეს და ზრდილობას ითხოვდა დეპუტატებისგან.
რაც შეეხება დეპუტატების პროტესტს, ეს მათ შორის, გამოიწვია ღარიბაშვილის განცხადებამ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნური პოლიტიკის შედეგად დაზარალდნენ რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, „გვახსოვს, როგორ მოექცნენ ჩვენს მოქალაქეებს“ და რომ ომის დროს გაიქცა მთავარსარდალი და გაიქცნენ დეპუტატები და რომ საქართველო დაისაჯა და ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ ქვეყანაში ომი არ არის.
ღარიბაშვილს არ უხსენებია, რომ 2006 წელს რუსეთმა საქართველოს მოქალაქეები ეთნიკური ნიშნით ქვეყნიდან საქართველოში რუსი ჯაშუშების დაკავებას მოჰყვა და არ განუმარტავს, უშუალოდ ჯაშუშების გამოვლენას მიიჩნევს თუ არა უგუნურ ქმედებად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლიდან დღემდე არც ერთი რუსი ჯაშუშის დაკავების შესახებ არ არის ცნობილი. „აქცენტმა“ რამდენჯერმე გამოითხოვა ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, თუმცა დაკავების ფაქტი არ დაუდასტურებია.
რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ევროკომისიამ პუნქტობრივად განმარტა, რა აქვს საქართველოს გასაკეთებელი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. პირობებში საუბარია რეფორმებზე და არა რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნაზე. საბოლოო გადაწყვეტილება 23–24 ივნისს ევროპის საბჭომ უნდა მიიღოს.


