პრემიერი ოპოზიციის წევრ დეპუტატებს ხან "გიჟს" უწოდებს, ხან – "საცოდავებს" და პერიოდულად ექიმის გამოძახებას ითხოვს
22/06/2022 12:13:28 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. პრემიერი კანონმდებლების ნაწილს სიძულვილის ენითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს.
კერძოდ, ღარიბაშვილი ოპოზიციის წევრ დეპუტატებს ხან "გიჟს", უწოდებს ხან "საცოდავებს" და პერიოდულად ექიმის გამოძახებას ითხოვს.
ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლა ევროკომისიის დასკვნაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ პირველად გაჩნდა ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის შესახებ. ღარიბაშვილმა ამას "ნანატრი ჩანაწერი" უწოდა. აღნიშნულს ენმ–ის წევრი დეპუტატების, მათ შორის ხატია დეკანოიძისა და ანა წითლიძის გაღიზიანება მოჰყვა.
პრემიერმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, დეპუტატებისთვის "დამამშვიდებელი მიეცათ":
"წამალი არ გაქვთ? მიეცით, დაამშვიდეთ. ექიმს ხომ არ დავუძახოთ?".
ამის შემდეგ პრემიერი პირდაპირ "9 წელზე" გადავიდა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევები მასობრივად ხდებოდა:
"ჩვენი მმართველობის ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა, ბოლო მონაცემებით 152–ია , მათი [ენმ] მმართველობის დროს ეს მაჩვენებელი 5000 იყო. აქ ნატანჯ და ჩაგრულ ადამიანს არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდა სამართლიანობის მიღწევის, ეს მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ძვირფასო ევროპელებო. [...] ევროპელი მეგობრები მიყვებიან, რომ ეს ადამიანები დადიოდნენ და მტრობდნენ ქვეყანას".
აღნიშნულს გამოეხმაურა "ლელოს" წევრი დეპუტატი სამადაშვილი და აღნიშნა, რომ ეს "ყველაფერი ტყუილია".
საპასუხოდ, პრემიერმა აღნიშნა:
"სალომე სამადაშვილი დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა არ მისცეთ კანდიდატის სტატუსიო, იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს".
აღნიშნულს განცხადებას დარბაზიდან კვლავ ხმაური მოჰყვა.
"ისე, კაი გასართობია თქვენთან საუბარი" , – დასძინა პრემიერმა.
მოგვიანებით, პრემიერი ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას დაუბრუნდა და აღნიშნა, რომ "კომისიის დასკვნა გულდასაწყვეტია":
„გვეუბნებიან, რომ დიახ, თქვენ იმსახურებთ პერსპექტივას, რომ გახდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ასევე, ევროპულ საბჭოს ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მთელი რიგი დათქმებით ანუ ჩვენ შემთხვევაში პირიქით არის, რაც რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. აქვე მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, ვინც თავი შესწირა ევროატლანტიკურ იდეას. როგორც ჩანს, მაშინ არავის გახსენებია არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სიტუაცია. ჩვენ ჯარისკაცების რეკორდული რაოდენობა გავგზავნეთ ერაყში, ავღანეთში, კოსოვოში, ცენტრალურ აფრიკაში. ყველგან ღირსეულად ვიყავით წარმოდგენილი. 35-მა გმირმა სამხედრომ თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობის იდეას, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას, ნატო-ში, ევროკავშირში ინტეგრაციის იდეას, 500-მდე სამხედრო უმძიმესად არის დაჭრილი და დღეს ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? ამ ყველაფრის მიუხედავად, თურმე, საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ დღეს ომი არ არის საქართველოში? ეს როგორ გავიგოთ მეგობრებო?! პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის ამ განცხადებას სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მხრიდან კვლავ ხმაური მოჰყვა. დეპუტატების ნაწილმა მაგიდაზე ხელების ბრახუნით პრემიერს კითხვით მიმართეს
„ე.ი. ევროპას უნდა ომი საქართველოში?“.
თავის მხრივ პრემიერმა აღნიშნულ კითხვას არ უპასუხა, მან მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით არის ძალიან გულდასაწყვეტი მათთვის, ვინც ევროპულ იდეას მხარს უჭერს.
„რა თქმა უნდა, მათ ყველას გულში გულდაწყვეტა აქვს, მაგრამ ჩვენ ამ პროცესს ძალიან მშვიდად უნდა შევხედოთ“, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის ამ განცხადებას დეპუტატ თაკო ჩარკვიანის რეპლიკა მოჰყვა, რომელსაც პრემიერმა საპასუხო რეპლიკით უპასუხა:
„წამალი ხომ არ სჭირდება ქალბატონ თაკოს? მიეცით, დაამშვიდეთ, გიჟია“.
ხმაურის შეწყვეტის შემდეგ პრემიერმა კვლავ წინა ხელისუფლების კრიტიკა გააგრძელა:
"ომის შემდეგ არავითარი სამუშაო არ ჩაუტარებიათ არსად, რომ სანქციები დაეწესებინათ რუსეთისთვის. მიყიდეთ ათეულობით სტრატეგიული ობიექტები რუსებს. უვიზო რეჟიმი დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს, მაგარი სანქციები გაატარეთ".
ღარიბაშვილის განცხადებას ოპოზიციის წევრების მწვავე კომენტარები მოჰყვა დარბაზიდან.
პრემიერი დეპუტატებზე პერიოდულად აცხადებს, რომ "საავადმყოფოში არიან გასაყვანები".
"შე საცოდავო, ხაბეიშვილო, შენ წარმოაფდგენთ მოღალატეების პარტიას", – მიმართა პრემირმა ენმ–ის წევრ დეპუტატს.
ამ წუთებში სხდომა კითხვა–პასუხის რეჯმში გრძელდება.


