ელისაშვილი – ღარიბაშვილს: "მეეჭვება, ხაზარაძის გამო ეთქვათ დეოლიგარქიზაციაო"
22/06/2022 12:36:17 პოლიტიკა
"მოქალაქეების" წევრი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, რომ "ეეჭვება ევროკომისიას დეოლიგარქიზაცია მამუკა ხაზარაძის გამო ეხსენებინა".
"თუ რამე ანადგურებს ამ ქვეყნას, არის ზუსტად ის, რასაც ახლა ვუყურებთ ჩვენ ორმხრივად. შეიძლება, ასეთი ზიზღით ლაპარაკი? გვითხრა იმ დალოცვილმა ხალხმა, რომ პოლარიზაცია შეამცირეთო. პრემიერ–მინისტრი ხართ, არც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მომეწონა არაფერი. შეიძლება, ასეთი ზიზღით ლაპარაკი? ზეგ უნდა გვითხრან, ვართ მაჩანჩალა ქვეყანა, თუ ვართ იმ სამეულში. სტატუსის არმონიჭებასთან დაკავშირებით ყველაფერი დააბრალეთ ოპოზიციას, მაგრამ ერთი თვითკრიტიკული რამ არ არის, რატომაც გვითხრეს უარი? შეგიძლიათ თქვათ, რომ აი, ამის გამო დაგვახარვეზესო? მეეჭვება, მამუკა ხაზარაძის გამო ეთქვათ დეოლიგარქიზაციაო. გასაგებია, რომ გიყვართ ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მარტივად რომ გვითხართ, ივანიშვილი ოლიგარქი არის? ერევა თუ არა გადაწყვეტილების მიღების პროცესში? დავვით კეზერაშვილს რომ ახსენებთ, კი ჯარი გაძარცვა, მაგრამ მაინტერესებს, ასეთი კაცი 10 წელია, რატომ ცხოვრობს არხეინად ? არ გრძნობთ თქვენს პასუხისმგებლობას აქ?", – მიმართა ელისაშვილმა პრემიერს.


