ღარიბაშვილი – ივანიშვილზე: "ლარი არ უშოვია საქართველოში"
22/06/2022 13:00:16 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშით გამოსვლისას ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა:
„ლარი არ უშოვია საქართველოში. კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში, თავისი შრომით, თავისი ნიჭით. ჩამოვიდა, დახარჯა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, მათი მმართველობის დროს - პოლიციის რეფორმა, ჯარის რეფორმა, მათი ხელფასები, საჯარო მოხელეების ხელფასები, მუზეუმების, თეატრების რეაბილიტაცია - ყველაფერი უკავშირდება ამ ადამიანის სახელს“, - თქვა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ენმ–მ დამარცხება ვერ აიტანა:
„რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში, აქ თქვენ გააკეთებდით მეორე მარიუპოლს და გაწირავდით ქვეყანას და ხალხს. დაანგრევინებდით და გაყიდიდით საქართველოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი მტკიცებით, ქვეყანაში მთავარი ოლიგარქი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი:
„მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი თავისი ოჯახით. სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია არის ოლიგარქი, სააკაშვილის დედა, გიული ალასანია არის ოლიგარქი, დადასტურებული 100 მლნ-ს ქონება აქვს სააკაშვილის დედას. სააკაშვილს აქვს დადასტურებული ასეულობით მილიონი. სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა და თქვენი პარტიაა მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის. რაც შეეხება მათ მთავარ აღტკინებას, რომ თურმე დეოლიგარქიზაცია დაგვავალა, მე რა გვარებიც ჩამოვთვალე, ისინი არიან პრობლემა. ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის მთავარი პრობლემა არის სააკაშვილი და თქვენი პარტია. დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორი არის სააკაშვილი და მისი პარტია ანუ თქვენ. ჩვენი ხალხის სიმშვიდისა და სტაბილურობის მთავარი პრობლემა არის სააკაშვილი და მისი პარტია ანუ თქვენ“.


