სამადაშვილი – პრემიერის გამოსვლაზე: "დასაკლავად განწირული გოჭის ჭყვიტინს მაგონებდა"
22/06/2022 13:48:11 პოლიტიკა
"ლელოს" წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში დღევანდელ გამოსვლას "დასაკლავად განწირული გოჭის ჭყვიტინს" უწოდებს.
"ეს გამოსვლა დასაკლავად განწირული გოჭის ჭყვიტინს მაგონებდა ამ ადამიანის საუბარი იმიტომ, რომ განრისხებულია მისი პატრონი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის განრისხებული. ეს ადამიანი ჩავიდა ბრიუსელში და მორიგ ჯერზე აქ რო მოვიდა, მაშინ ვკითხე გაეცნო იმ პრობლემების სია, რომელიც მას გადასცეს ევროკავშირში და უთხრეს , ეს თუ არ მოგვარდება კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ქვეყანა ვერ მიიღებსო. მისი პასუხი იყო, რომ ეს არის ტყუილი. ოღონდ ეს სია გამოაქვეყნა კომისიამ და ხვალ ევროპული საბჭო დაამტკიცებს. აქ ერთი პრობლემაა,ამ სიაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და დეოლიგარქიზაცია არ იყო ნახსენები, სანამ ღარიბაშვილი არ ჩავიდა ბრიუსელში. და რომ დაბრუნდა, როგორც თქვენივე არჩეულმა პრეზიდენტმა, ქალბატონმა ზურაბიშვილმა დაადასტურა, ისეთი მოახერხეთ ყველამ ერთად, რომ ახლა ბატონი ბიძინა არის თქვენზე განრისხებული. ამიტომ ჭყვიტინებთ და დადგით დღეს აქ ეს სპექტაკლი და ამას ყველაფერს პასუხს ქართველი ხალხი გასცემს", – განაცხადა სამადაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სამადაშვილს გამოსვლის დროს და გამოსვლის დასრულების შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "კორექტულობისკენ" მოუწოდა. თუმცა პაპუაშვილს იგივე მოწოდებით არც ერთხელ არ შეუწყვეტინებია სიტყვა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის, რომელმაც კანონმდებლების ნაწილს სიძულვილის ენითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.


