ანა ნაცვლიშვილი –ირაკლი ღარიბაშვილს: "ევროკავშირის სახელმწიფოში „რაც გინდა ის დაუძახე" ვერასდროს გახდება პრემიერი"
22/06/2022 14:02:57 პოლიტიკა
დღეს ძალიან აშკარა გახდა ჩემთვის, თქვენ პერსონალურად რატომ გაშინებთ და რატომ გაქვთ პანიკური შიში, რომ საქართველო ვაი და არ გახდეს ევროკავშირის წევრი იმიტომ, რომ ევროკავშირის სახელმწიფოში "რაც გინდა ის დაუძახე" ვერასდროს გახდება პრემიერი, - ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოს შესვლას "ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ეღობება".
„არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებთ, რაც ამ ქვეყანაში ხდება, ე.ი. არაფერი თქვენ არ გეკითხებათ და და ერთი კითხვა მრჩება მხოლოდ, მინდვრის დედოფლის მოსავალს როგორი პირი უჩანს ამ ქვეყანაში, სხვას თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ ამ ქვეყანასთან დაკავშირებით. როგორც დაგდეს მაგ სკამზე, ისე გადაგდებენ ცოტა ხანში და ნათელია, რომ ეს ასე მოხდება. ევროკავშირში საქართველოს შესვლას დღეს ეღობება ერთი კონკრეტული ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი არის მისი სახელი და გვარი. ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გადააგდოს ისტორიული განვითარების გზიდან. ევროკავშირის სახელმწიფოებს ზოგს ჰყავს ძალიან კარგი, ზოგს კარგი, ზოგს ცუდი პრემიერი, მაგრამ დღეს ძალიან აშკარა გახდა ჩემთვის თქვენ პერსონალურად რატომ გაშინებთ და რატომ გაქვთ პანიკური შიში, რომ საქართველო ვაი და არ გახდეს ევროკავშირის წევრი, იმიტომ, რომ ევროკავშირის სახელმწიფოში "რაც გინდა ის დაუძახე" ვერასდროს გახდება პრემიერი, ვერასდროს. აი, ამიტომ გვჭირდება ევროკავშირი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


