Accentnews.ge
ღარიბაშვილი – სასამართლოს დამოუკიდებლობაზე: "მთავრობას რა როლი გვაქვს?!"

ღარიბაშვილი – სასამართლოს დამოუკიდებლობაზე: "მთავრობას რა როლი გვაქვს?!"

22/06/2022 17:15:24 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის წარდგენისას დეპუტატების კითხვებზე პასუხად სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა არასამთავრობო სექტორის და დასავლელი პარტნიორების ყველა რეკომენდაცია.

მისი თქმით, რჩევა იყო, რომ "მოსამართლეებს არ შეხებოდნენ" და მოსამართლეთა ნაწილი უვადოდ ყოფილიყო განწესებული.

“მე ყოველთვის ვეუბნები ყველას და მინდა გავიმეორო, თქვენ მოგმართოთ კითხვით: როცა 300 მოსამართლე ირჩევს ადამიანებს, მოსამართლეებს, ჩვენ, მთავრობას რა როლი გვაქვს საერთოდ? ამ მოსამართლეების გვარებიც არ ვიცი. 300 მოსამართლე, რომლებიც მუშაობდნენ შევარდნაძის დროს, დაინიშნნენ სააკაშვილის დროს, ახლა სხვებიც შეემატნენ. რა როლი აქვს მთავრობას და პარლამენტს, გარდა იმისა, რომ უზრუნველყონ ინსტიტუციების შეუფერხებლად მუშაობა და არ დავარღვიოთ კანონი და კონსტიტუცია. რას ითხოვთ ჩვენგან საერთოდ? ეს ერთი. მეორე: დღეს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა სამართალს პოულობს საქართველოში. ვინც ვერ პოულობს, შეუძლიათ მიმართონ სტრასბურგს. ეს არის თავისუფალი სასამართლო", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ არასამთავრობო სექტორი დღეს იმის საპირისპიროს ითხოვს მთავრობისგან, რის გაკეთებასაც 8-9 წლის წინ სთხოვდა.

"რეგიონში და ევროპის მასშტაბით ჩვენი სასამართლო არის მართლაც კარგი სასამართლო. ბევრი პროფესიონალი, ღირსეული მოსამართლე ჰყავს ჩვენს ქვეყანას", - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა სასამართლოს მდგომარეობა.

პოლიტიკისგან თავისუფალი მართლმსაჯულება ერთ–ერთია იმ 12 მოთხოვნას შორის, რომლებიც ევროკომისიამ განსაზღვრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ევროკომისიის 17 ივნისის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი, სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. გაწერილ პირობებს შორისაა: პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, თავისუფალი მედიაგარემო. პროგრესი წლის ბოლოსთვის შეფასდება.

საქართველოში 23-24 ივნისს ელოდებიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S