უსუფაშვილი: "ვხედავთ არა ევროპისკენ მიმავალ, არამედ ევროპით შეშინებულ მთავრობას!"
22/06/2022 20:03:51 პოლიტიკა
პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის რიტორიკა, რომ საქართველო გეოგრაფიის გამო დაისაჯა, არა ჩვეულებრივი, არამედ სტრატეგიული ტყუილია. ხოლო ამაზე საუბრობენ, რომ ქართველ ხალხს მოვაჩვენოთ, თითქოს რაც ვერ მივიღეთ, „ცუდი ევროპის“ ბრალია, ხოლო რაც მივიღეთ –„კარგი ხელისუფლების“.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს, თუმცა ამაში დაბრკოლება „ქართული ოცნება“ და მისი ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯებია.
„რა გეოგრაფია, საიდან მოიტანეთ? პოლიტიკაშია საქმე! მაკრონმა გეოპოლიტიკა თქვა და არა გეოგრაფია, მაგრამ გაწყობთ ახლა ეს! მაგრამ ამას გადავაყოლოთ ქვეყანა? მაკრონმა თქვა გეოპოლიტიკა, სხვას არავის უთქვამს, თქვენ ლაპარაკობთ, იმიტომ, რომ ქართველ ხალხს უნდა მოვაჩვენოთ, რომ თურმე, რაც ვერ მივიღეთ, „ცუდი ევროპის“ ბრალია, რაც მივიღეთ – „კარგი ხელისუფლების“. ჩამოყალიბდით ეს პერსპექტივა კარგია თუ ცუდი? ოპოზიციამ დაგვღუპა თუ აგვაშენა? ოპოზიცია დადიოდა იქ და ავრცელებდნენ, სტატუსი არ მოგვცეთო, ეს არის ტყუილი! ამ ტყუილებით შორს ვერ წავალთ! რას ნიშნავს სტატუსს ვიმსახურებთ თუ არა? საქართველოს კანდიდატობა უნდა მიენიჭოს და თქვენ ხართ დაბრკოლება ამ სფეროში, ბოლო დღეებში. დღეს რომ აქ პრემიერი გამოვა და ხალხს მიმართავს „საცოდავებოო“, ეს ევროპას არ ესმის? ევროპარლამენტს, რომ ეუბნებით, თქვენ ყალბი ნიუსებით იკვებებით და ასეთ რეზოლუციებს იღებთო, ეს ევროპასთან გვაახლოებს?,“ - მიმართა უსუფაშვილმა უმრავლესობის წევრებს.
მისი თქმით, საქართველო ისტორიული შანსის წინაშე დგას, რაც პრემიერს კარგად ესმის, თუმცა „ვხედავთ არა ევროპისკენ მიმავალ, არამედ ევროპით შეშინებულ მთავრობას“:
„ამ რეკომენდაციების შესასრულებლად ბევრი კანონია მისაღები. ამაზე ლაპარაკი მეგონა იყო სწორი მთავრობიდან, მაგრამ არა, ისევ წასვლა იქ - „იმან ის ჩაიდინა, ამან ეს ჩაიდინა, 9 წლის წინ“... კიდევ გეუბნებით, ამოიწურა რესურსი „ქართული ოცნების“ ელექტორალური წარმატებების ამ ხალხის 9-წლიან პერიოდზე საუბრის. ამოიწურა ეგ ამბავი, სხვა დროა უკვე, სხვა ხალხია. 20 ივნისს იქ ხალხი რომ იყო გამოსული, დღეს ის ხალხი თურმე ხალხია, ევროპის მომხრეები. ერთი დღით ადრე საშინელი პროპაგანდა მიდიოდა, რომ ის „ნაცების“ აქციაა და ა.შ. აი, იმ ხალხს ველაპარაკოთ ხალხი, დავანებოთ თავი „ნაცებსაც“, „ლელოსაც“, უსუფაშვილსაც. იმ ხალხს დაუჯერეთ – საკუთარ ამომრჩეველს!“.


