Accentnews.ge
აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, სტატუსი სამივე ქვეყანას მიანიჭოს

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, სტატუსი სამივე ქვეყანას მიანიჭოს

23/06/2022 06:45:11 პოლიტიკა

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭონ. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ბენ კარდინის, თანათავმჯდომარე სტივ კოენის, სენატორ როჯერ ვიკერისა და დეპუტატ ჯო უილსონის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანდიდატის სტატუსის სამივე ქვეყნისთვის მინიჭება მათ მისცემს ბრძოლის შანსს, საერთო ევროპულ ოცნებაში.

"მივესალმებით ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოდლოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის შესახებ. ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი ალიანსები და განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკიკური კურსი. უკრაინისა და მოლდოვის მოსახლეობას დიდი ხანია, აქვს დასავლეთთან ინტეგრაციის ოცნება. ევროკომისიის რეკომენდაცია აჯილდოებს მათ დაჟინებულ ძალისხმევას ამ მისწრაფებების განსახორციელებლად, სასტიკი რუსული აგრესიის პირობებში. ქართველმა ხალხმა ასევე ბევრი მსხვერპლი გაიღო თავისი ევროპული იდენტობისთვის რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რუსეთის აგრესიისა და მტკივნეული რეფორმების გამოწვევების მიუხედავად. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ გამოწვევას, თუ გზა ნათელია. გვჯერა, რომ უნდა შესთავაზონ ევროკავშირის წევრობის თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა. ლიბერალური დემოკრატიისკენ მიმავალი გზა არასდროს არის შემთხვევითი წარუმატებლობისა და შემოვლითი გზების გარეშე, ყოველთვის საჭიროებს სიფხიზლეს, ფრთხილ ძალისხმევას და კომპრომისს. ჩვენ გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მისცემს ბრძოლის შანსს საერთო ევროპულ ოცნებაში", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის: 23-24 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მანამდე, 17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკომისიის რეკომენდაცია "ტრიოსთვის". კერძოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს.

ევროკავშირის არსებობის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც 1976 წელს ევროკავშირის საბჭო არ დაეთანხმა ევროკომისიის დასკვნას საბერძნეთისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭების თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S