გერმანელი ევროპარლამენტარი: "ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვინ დაადანაშაულოს იმ ფორმულირებისთვის, რისი გამოყენებაც ევროკომისიას მოუწია"
23/06/2022 08:37:06 პოლიტიკა
გერმანელი ევროპარლამენტარი, "ევროპის სახალხო პარტიის“ საგარეო ურთიერთობათა სპიკერი მიხაელ გალერი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ გამოსვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვინ დაადანაშაულოს იმ ფორმულირებისთვის, რისი გამოყენებაც ევროკომისიას მოუწია".
„დარწმუნებული ვარ, ქართველმა ხალხმა, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის დემონსტრაციას ახდენს, უკეთ იცის, ვინ არის დამნაშავე იმ ფორმულირების გამო, რომლის არჩევაც ევროკომისიას მოუწია, რათა სათანადოდ და სამართლიანად მოეგვარებინა საქართველოს მთავრობის წინაშე არსებული ამოცანები“, – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 23-24 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
მანამდე, 17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკომისიის რეკომენდაცია "ტრიოსთვის". კერძოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს.
ევროკავშირის არსებობის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც 1976 წელს ევროკავშირის საბჭო არ დაეთანხმა ევროკომისიის დასკვნას საბერძნეთისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭების თაობაზე.


