გიტანას ნაუსედას პასუხი სალომე ზურაბიშვილის თხოვნაზე, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას
23/06/2022 10:00:07 პოლიტიკა
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეხმიანება ქართველი კოლეგა სალომე ზურაბიშვილის თხოვნას, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
„ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს. ქალბატონო პრეზიდენტო, ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ“, – წერს გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში ზურაბიშვილის მიმართვის საპასუხოდ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით ევროპელ ლიდერებს მიმართა.
ცნობისთვის: 23-24 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
მანამდე, 17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკომისიის რეკომენდაცია "ტრიოსთვის". კერძოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს.
ევროკავშირის არსებობის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც 1976 წელს ევროკავშირის საბჭო არ დაეთანხმა ევროკომისიის დასკვნას საბერძნეთისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭების თაობაზე.


