ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც "ქვეყნის მთავრობა შეასრულებს ევროკომისიის მიერ მითითებულ პირობებს"
23/06/2022 11:23:23 პოლიტიკა
ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც "ქვეყნის მთავრობა შეასრულებს ევროკომისიის მიერ მითითებულ პირობებს". ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.
დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, „დაყოვნების გარეშე“ მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას.
რეზოლუციაში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ არ არსებობს „სწრაფი გზა“ ევროკავშირში წევრობისთვის და რომ გაწევრიანება რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების შესრულებას და დამოკიდებულია რეფორმების ეფექტურ განხორციელებაზე.
ევროპარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ხელისუფლებას, „მკაფიოდ აჩვენონ თავიანთი პოლიტიკური შეუპოვრობა თავიანთი ხალხის ევროპული ამბიციების განსახორციელებლად“ და დააჩქარონ რეფორმები.
„უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს, რომელიც როგორც არასდროს გეოსტრატეგიული ინვესტიციაა სტაბილურ, ძლიერ და ერთიან ევროკავშირში.
აღნიშნული რეზოლუცია ევროპარლამენტში გამართული გუშინდელი დებატების შემდეგ მიიღეს.
ცნობისთვის: 23-24 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
მანამდე, 17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკომისიის რეკომენდაცია "ტრიოსთვის". კერძოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს.
ევროკავშირის არსებობის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც 1976 წელს ევროკავშირის საბჭო არ დაეთანხმა ევროკომისიის დასკვნას საბერძნეთისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭების თაობაზე.


