რა პოზიცია აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე
23/06/2022 11:37:41 პოლიტიკა
23-24 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
მანამდე, 17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკომისიის რეკომენდაცია "ტრიოსთვის". კერძოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს.
მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, "აქცენტი" დაინტერესდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციით, დაუჭერენ თუ არა მხარს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას 23-24 ივნისისთვის დაგეგმილ სამიტზე.
"აქცენტმა" შესაბამისი კითხვით ევროკავშირის 27–ვე ქვეყნის დიპლომატიურ უწყებებს მიმართა. ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების უმეტესობამ, მათ შორის საფრანგეთმა კომენტარი არ გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ კითხვისგან პირდაპირი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და პოლონეთმა, რომლებიც ბოლო პერიოდამდე ღიად აფიქსირებდნენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი.
ევროკომისიის რეკომენდაციამდე "აქცენტს" ჰქონდა კომუნიკაცია რიგ ქვეყბებთან, რომლებმაც კომენტარზე უარი განაცხადეს, იმ მიზეზით, რომ ელოდებოდნენ კომისიის შეფასებას, თუმცა არც შეფასების გამოქვეყნების შემდეგ დააფიქსირეს პოზიცია.
გთავაზობთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური უწყებების მიერ "აქცენტთან" დაფიქსირებულ პოზიციებს:
გერმანია
"აქცენტი" გერმანიის პოზიციით ევროკომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნებამდეც დაინტერესდა, თუმცა კომისიის დასკვნამდე საქართველოში გერმანიის საელჩომ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. მოგვიანებით, როდესაც კომისიის შეფასება გახდა ცნობილი, საელჩოს კომენტარისთვის კიდევ ერთხელ დავუკავშირდით. დიპლომატიურ უწყებაში შემდეგი პასუხით შემოიფარგლენ:
"ბატონი ელჩი კანცლერის გადაწყვეტილებაზე ადრე კომენტარს ვერ გააკეთებს".
პოლონეთი
საქართველოში პოლონეთის საელჩო:
"პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო კომენტარს არ აკეთებს მოვლენებზე, რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან, რადგან ეს შეიძლება, ჩაითვალოს მის საშინაო საქმეებში ჩარევად".
ირლანდია
ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო:
"ირლანდიის პოზიცია ასახულია ირლანდიის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც კომისიის რეკომენდაციების შემდეგ გამოქვეყნდა. უწყების ხელმძღვანელი მიესალმა რეკომენდაციას, რომ საქართველოს ახლა ევროპული პერსპექტივა შესთავაზონ და კანდიდატის სტატუსი – რიგი პრიორიტეტების შესრულების შემდეგ".
ლიეტუვა
საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა:
"ლიეტუვა მუდმივად უჭერს მხარს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას აღმოსავლელი პარტნიორებისთვის, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, გაწევრიანდნენ ევროკავშირში.
ამიტომ ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის მოსაზრებებს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის შესახებ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არის ისტორიული ნაბიჯი როგორც ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორებისთვის, ისე ევროკავშირისთვის. ვიმედოვნებთ, კომისიის შეფასება დადასტურებული იქნება ევროსაბჭოს სხდომაზე, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება.
საქართველომ ისევე, როგორც მოლდოვამ და უკრაინამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში.
ვიმედოვნებთ, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი სტიმული რეფორმების გზის გასაგრძელებლად და ხელს შეუწყობს პოლიტიკური ელიტისა და ხალხის ძალისხმევის კონსოლიდაციას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის მისაღწევად.
დემოკრატიის კონსოლიდაცია, სამართლიანი, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა უმნიშვნელოვანესია, როგორც ეს კომისიის დასკვნაშია ასახული. პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის განხილვა და 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით თანამშრომლობის უზრუნველყოფა რჩება საკვანძო.
შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ლიეტუვა დაინტერესებულია საქართველოს წარმატებით და გააგრძელებს თქვენი ინტერესების პოპულარიზაციას ევროკავშირის ფარგლებში. რეფორმების პროგრესი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება საქართველოს ევროპული წევრობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. ლიტვა მზადაა გააგრძელოს საქართველოს დახმარება და მხარდაჭერა.
შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ლიეტუვა დაინტერესებულია საქართველოს წარმატებით და გააგრძელებს თქვენი ინტერესების პოპულარიზაციას ევროკავშირში. რეფორმების პროგრესი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება საქართველოს მომავალ წევრობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. ლიეტუვა მზადაა, გააგრძელოს საქართველოს დახმარება და მხარდაჭერა"
- გარდა ამისა, ცნობილია, რომ რუმინეთი და უნგრეთი მხარს უჭერენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას. შესაბამისი განცხადება რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კიევში ამასწინანდელი ვიზიტისას გააკეთა. რაც შეეხება უნგრეთს, ქვეყნის პრემიერმა საქართველოს მხარდამჭერი პოზიცია 2 დღის წინ დააფიქსირა.
ცნობისთვის: ევროკავშირის არსებობის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც 1976 წელს ევროკავშირის საბჭო არ დაეთანხმა ევროკომისიის დასკვნას საბერძნეთისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭების თაობაზე.


