"სახელი და გვარი რომ არ ეწეროს, ზურაბიშვილს სამადაშვილისგან ვერ გაარჩევ"
23/06/2022 11:51:24 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს ევროინტეგრაციის პროცესში გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს და ოპოზიციონერ ლიდერს ადარებს. კერძოდ, მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ლელოს" ლიდერის სალომე სამდაშვილის მსგავსად, საქართველოს წინააღმდეგ კამპანიას ეწევა.
"სამწუხაროა, სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში. მისი განცხადებები, რომ ვართ ჩამორჩენილები, რა თქმა უნდა, ამას ემსახურება. ჩამორჩენილი თუ არის ქვეყანა, გამოდის, რომ კანდიდატობას არ იმსახურებს. ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს. სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით არის დასული სალომე სამადაშვილის დონეზე, რაც ძალიან სამწუხაროა... სახელი და გვარი რომ არ ეწეროს ზედ, ვერ გაარჩევ სალომე ზურაბიშვილს სალომე სამადაშვილისგან", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: 23-24 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
მანამდე, 17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკომისიის რეკომენდაცია "ტრიოსთვის". კერძოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს.
ევროკავშირის არსებობის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც 1976 წელს ევროკავშირის საბჭო არ დაეთანხმა ევროკომისიის დასკვნას საბერძნეთისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭების თაობაზე.


