კლემან ბონი: "საქართველოსგან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ველით"
23/06/2022 13:14:03 პოლიტიკა
საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრ კლემან ბონის განცხადებით, საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის დასავლეთი ელის რიგ ევროპულ ქმედებებს, რომელთაგან ფრანგმა პოლიტიკოსმა პოლიტპატიმრების გათავისუფლება გამოყო. კლემან ბონმა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემაზე ევროპარლამენტში განაცხადა.
"საჭირო იქნება იმ განსხვავების გათვალისწინება უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას შემთხვევაში, რომელიც ევროკომისიამ მოგვაწოდა მის რეკომენდაციებში; საქართველომ გამოამჟღავნა ინტერესი ევროპული ინტეგრაციის მიმართ და მისი ევროპული პერსპექტივის აღიარება უდავოდ აუცილებელია, თუმცა სიტუაცია [უკრაინისა და მოლდოვისგან]განსხვავებულია საქართველოს შემთხვევაში. არსებობს საქართველოს მხრიდან გარკვეული ჟესტების მოლოდინი, მათ შორის არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და სხვა ევროპული ღირებულებების შესაბამისი ქმედებები" - განაცხადა ფრანგმა პოლიტიკოსმა.
ცნობისთვის: 23-24 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
მანამდე, 17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკომისიის რეკომენდაცია "ტრიოსთვის". კერძოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს.
ევროკავშირის არსებობის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც 1976 წელს ევროკავშირის საბჭო არ დაეთანხმა ევროკომისიის დასკვნას საბერძნეთისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭების თაობაზე.


