
გერმანიის საელჩო - ევროკავშირზე: "ვიცით, ქართული საზოგადოება მზადაა ყველაფერი გააკეთოს წარმატებისთვის"
24/06/2022 07:00:20 პოლიტიკა
საქართველოში გერმანიის საელჩო ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ოფიციალური ბერლინი თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის წარმატების მიღწევაში.
"მიზანი ნათელია: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად. გერმანია თავის წვლილს შეიტანს ამ წარმატების უზრუნველსაყოფად. საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის: ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.