"ახლა საქართველოს ევროპული გზა სრულყოფილადაა მონიშნული, იცით რა უნდა გაკეთდეს"

24-06-2022 11:23:14 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დგას და ახლა ქვეყნისთვის მკაფიოდაა მონიშნული, რა უნდა გააკეთოს ევროინტეგრაციის გასაღრმავებლად.

„საქართველო ახლა ნამდვილად დგას ევროპულ გზაზე. დიახ, არის პირობები. ეს დიდი ნაბიჯია წინ და ამ ნაბიჯის მნიშვნელობა არ უნდა დავაკნინოთ. პირიქით, ეს ასევე არის ნიშანი აღიარებისა და წახალისებისა. ახლა ევროპული გზა საქართველოსთვის შესანიშნავად არის მონიშნული. თქვენ იცით, რა, როდის და როგორ უნდა გაკეთდეს. ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიშრომოთ საქართველოს საზოგადოების მხარდასაჭერად, გამოიყენოს ეს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა მისი ევროპული მომავლის ასაშენებლად“, – აცხადებს ბორელი.

ცნობისთვის: ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები