დიპლომატები: "მთავრობამ არ მოგვცა საშუალება შეგვესრულებინა ჩვენი უმთავრესი ამოცანა"
24/06/2022 08:46:59 პოლიტიკა
ქართველი დიპლომატების თქმით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა.
როგორც საქართველოს სხვადასხვა თაობის კარიერულმა დიპლომატებმა ერთობლივ ბრიფინგზე თქვეს, ხელისუფლებამ გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და დიპლომატებს არ მისცა საშუალება, უზრუნველეყოთ არსებულ რეალობაში ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა.
"უკიდურესად დასანანია, რომ ამ უნიკალურ და ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში ინტენსიური მუშაობისა და ჩვენთვის სასურველი შედეგის მიღწევის ნაცვლად, ბოლო პერიოდში მათი მხრიდან ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკა კიდევ უფრო გამძაფრდა.
სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ასევე თანმიმდევრულად გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და საშუალება არ მისცა პროფესიონალ ქართველ დიპლომატებს, შეესრულებინათ მათი უმთავრესი ამოცანა - უზრუნველეყოთ არსებულ რეალობაში ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა.
მიუხედავად ამისა, იმედს ვიტოვებთ, რომ ქართულ დიპლომატიას საშუალება მიეცემა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულებების თანახმად, მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ყველა ქართველ დიპლომატს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, შეუძლია შეუერთდეს ამ განცხადებას", - ამბობს დიპლომატი გიგი გიგიაძე.
ცნობისთვის: ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.


