ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს ევროპული პერსპექტივა დამსახურებულად მიენიჭა
24/06/2022 10:10:26 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერმიღების შემდეგ აცხადებს, რომ "ევროპამ კარი გაგვიხსნა, ეს აღიარებაა".
"როგორც ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა, პარტნიორებმა, მეგობრებმა აღნიშნეს - გუშინ იყო ისტორიული დღე, საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ, ეს არის დამსახურებული მიღწევა. ევროპული პერსპექტივა მიენიჭა საქართველოს დამსახურებლად და ნახეთ, რომ ჩაიწერა ღიად, რომ რეალურად ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენს ქვეყანას, ეს არის აღიარება ჩვენი ხალხის ევროპული იდეალებისადმი მისწრაფების, მათი ერთგულების, ჩვენი შეუპოვრობის, პრინციპულობის, ბრძოლის და ჩვენი მთავრობის ათწლიანი მუშაობის შედეგის აღიარებაც" , – განაცხადა პრემიერმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა და მოლდოვა "რთულ მდგომარეეობაშია" და "არ შურს მათი":
"რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, მოვისმინეთ განაცხადი, რომ როგორც კი ჩვენ შევასრულებთ პრიოროტებს, მაშინვე მიენიჭება საქართველოს სატატუსი. ეს გვაძლებს მოტივაციას, რაც შეიძლება მოკლე დროში შევასრულოთ ეს პირობები. მზად ვართ, დროულად შევასრულოთ ყველა პირობა. [...] მათ მიიღეს პერსპექტივა და სტატუსიც როგორც წამახალისებელი საჩუქარი. ვულოცავ და ვისურვებ მათ მშვიდობას. უკრაინა არის უმძიმეს ომში, მოლდოვაც რთულ მდგომარეობაშია. ასე რომ არ გვშურს მათი წახალისების".
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პოლარიზება დაასრულოს, თუმცა, მისი თქმით, მარტო მმართველი პარტია ამას ვერ განახორციელებს.
"ოპტიმისტურად მე ჯერა, ისინი დააყენებენ საკუთარ ამბიციებს ქვეყნის ინტერესებზე დაბლა", – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის: ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.


