პრემიერი– "ფარდის ახდაზე": "ვინაიდან მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ არ ვთვლი საჭიროდ, ამ თემაზე დისკუსია გავაგრძელო "
24/06/2022 10:55:05 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. „ფარდის ახდასთან“ დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დისკუსიის გაგრძელების საჭიროებას ვეღარ ხედავს, რადგან, მისი თქმით, "ქვეყანამ მიიღი ის, რაც დაიმსახურა".
„მე ეს განცხადება გავაკეთე მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ და ვიხილეთ სრულიად შეურაცხმყოფელი და უსამართლო რეზოლუცია რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა, მათ შორის ჩვენი ოპოზიციისა და მათი ლობისტების უშუალო კენჭისყრაში მონაწილეობით. ჩემი მაშინდელი ემოციური რეაქცია იყო აბსოლუტურად გააზრებული, მე ეს შეგნებულად გავაკეთე. რომ არა ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და საჯარო მიმართვა ევროპისადმი შესაძლოა საქართველოს დღეს არ მიეღო დამსახურებული ევროპული პერსპექტივა. ჩვენ ამის რისკები დავინახეთ, ვინაიდან ყოვლად უსამართლო რეზოლუცია იყო მიღებული, რაც ღიად ვთქვით ყოველგვარი დაფარვის გარეშე. ჩვენ არასდროს არ შევეგუებით უსამართლობას და ყოველთვის გვექნება მძაფრი, სამართლიანი, პროპორციული ქმედება და რეაქცია. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის პრინციპულობას გარკვეული როლი ამ ყველაფერში მიუძღვის, ჩვენმა დემონსტრაციამ თავისი როლი შეასრულა. რა თქმა უნდა, არ ვცვლი ჩემს პოზიციას, რომ არ გვეხილა ასეთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება ჩემს პოზიციაზე დავრჩებოდი, მაგრამ ვინაიდან მივიღეთ ის რაც დავიმსახურეთ არ ვთვლი საჭიროდ, რომ ამ თემაზე გავაგრძელო დისკუსია“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანამდე, ხელისუფლების რიგი წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ თუ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება “უსამართლო და შეურაცხმყოფელი” იქნებოდა, "ყველაფერს ფარდას ახდიდნენ".


