"შეიძლება, უკეთესიც იყოს, რომ ჯერ არ მივიღეთ სტატუსი ავანსად"
24/06/2022 11:13:58 პოლიტიკა
საქართველოს პრემირ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "შეიძლება, უკეთესიც იყოს, რომ ქვეყანამ ჯერ არ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ავანსად".
მისი თქმით, "სტატუსის მინიჭების შემთხვევაში საქართველოში პოლარიზაციის დასრულების მოტივაცია ძლიერი აღარ იქნებოდა":
„პოლარიზების დასრულება საჩუქრის შემდეგ, ვთქვათ პირდაპირ, მოტივაცია აღარ იქნებოდა იმდენი, ეს რომ მომხდარიყო. ახლა მეტი მოტივაცია გვაქვს, ორივეს – მმართველ ძალასა და ოპოზიციას, რომ ეს პირობა შევასრულოთ. გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი და საჯაროდ განმარტება გააკეთა, რომ უკრაინას აძლევენ სტატუსს იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში, და ვალში ვართო. აქ რა არის გაუგებარი?! მეორე თემა, მოლდოვა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მეტი რისკები აქვთ, მეტი გამოწვევები აქვთ. მათაც განუსაზღვრეს პირობები, დათქმები, მათაც მისცეს საჩუქარი, დავარქვათ საჩუქარი. ჩვენს შემთხვევაში ჯერ გვითხრეს, რომ საჩუქარს ვერ მიიღებთ, სანამ ამ პირობებს არ შევასრულებთ. მე თუ მკითხავთ, ვითვალისწინებ რა უკრაინის მძიმე მდგომარეობას, ომს, მოლდოვის მდგომარეობას…. ორივე ქვეყანას ჩვენ მიღწევებით და შესრულებებით ვასწრებთ, ამის მიუხედავად, შეიძლება, უკეთესიც იყოს, რომ ჯერ არ მივიღეთ საჩუქარი ავანსად და შემდეგ პირობების შესრულება არ მოგვთხოვეს“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის: ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.


