"ოპოზიციამ ხმარებიდან უნდა ამოიღოს ტერმინი "პრორუსული მთავრობა"
24/06/2022 13:23:01 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ოპოზიციამ ხმარებიდან უნდა ამოიღოს ტერმინი "პრორუსული მთავრობა".
"ოპოზიციამ უნდა შეცვალოს რიტორიკა და ხმარებიდან უნდა ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "პრორუსული მთავრობა" ან "პუტინისტური რეჟიმი". როგორც კი ამას გააკეთებენ, ისინი გადადგამენ პირველ ნაბიჯს დეპოლარიზაციისკენ. ამის მზაობა თუ აქვთ, ეს იქნება კარგი. ამის მზაობას ჯერ– ჯერობით ვერ ვხედავთ, ყველა მათი ნაბიჯი არის პოლარიზაციისკენ მიმართული", – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.


