"სრულიად არაბუნებრივია ოპოზიციის რეაქცია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე"
24/06/2022 13:27:24 პოლიტიკა
„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ ევროკავშირის ლიდერების მილოცვებისა და მათი საზეიმო განწყობის ფონზე სრულიად არაბუნებრივია ოპოზიციის რეაქცია ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე.
მისი თქმით, "ადამიანები, რომლებიც 2008 წელს წაგებულ ომს ზეიმობდნენ, დღეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას გლოვობენ".
კობახიძემ პარტიის სახელით მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებისთვის და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს საქართველოს შემდგომ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე.
ცნობისთვის: ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.


