რას ფიქრობენ ოპოზიციაში ღარიბაშვილთან „შერიგებაზე“
24/06/2022 13:44:37 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 22 ივნისს პარლამენტში ოპონენტებს წინააღმდეგ სიძულვილის ენის ჭარბად გამოყენების შემდეგ დეპოლარიზაციაზე ალაპარაკდა: მან 24 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყნის ინტერესშია, მმართველ ძალებში არ იყოს "გაუთავებელი ჩხუბი და შეურაცხყოფა".
პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლარიზაციაზე პასუხისმგებლობა, მათთან ერთად, ოპოზიციასაც აკისრია და მის დასასრულებლად ოპონენტებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა.
"დღესაც ვადასტურებ ამ მზაობას ტრიბუნიდან, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით მოწოდებული კონსტრუქციული დიალოგისკენ.
მინდა მოვუწოდო ოპოზიციას, რომ დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესები ყველაფერზე მაღლა და ერთად შევასრულოთ ეს პირობა. პირველი პირობა არის პოლარიზების დასრულება, რაც ნამდვილად მაღალი შეშფოთების საგანია ჩვენს პარტნიორებში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ოპოზიციაში ღარიბაშვილის შეთავაზების ნაკლებად სჯერათ. კერძოდ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძე ფიქრობს, ამ ნაბიჯი ღარიბაშვილი საზოგადოებრივი პროტესტის შემცირებას უნდა ცდილობდეს:
„მე ირაკლი ღარიბაშვილის სახეცვლილებას არ ველი, არ მჯერა და ვფიქრობ, არც ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა დაიჯერონ, რადგან გუშინდელ მძიმე დღეზე პასუხისმგებელია პირადად ღარიბაშვილი (ივანიშვილის დავალებით) და „ქართული ოცნება“. შეცვლილი რიტორიკა, თუ ვისმეს ასე მოეჩვენა, მგონია, რომ არის პროტესტის შესუსტების რაღაცნაირი მცდელობა, რადგან იციან, რომ საქართველოს მოქალაქეები გაბრაზებულები არიან.“
„რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯს ელის:
„დეპოლარიზაციის ძირითადი ტვირთი ხელისუფლებაზეა. მათგან უნდა დავინახოთ ნაბიჯები, რომ გვქონდეს რაიმე ტიპის იმედი მაინც, რომ შესაძლებელია, ერთ მაგიდასთან დავსხდეთ. ეს არის თანამშრომლობის და კონსტრუქციული საუბრის საკითხი სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებზე, იქნება ეს სასამართლო თუ საარჩევნო რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილება“.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ „პრემიერ–მინისტრი, მთავრობა, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა დააკარგვინა, უნდა გადადგეს“:
„თუ საუბარია დეპოლარიზაციაზე, ეს ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნებოდა“.
ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი ღარიბაშვილის პრემიერ–მინისტრობის პირობებში დიალოგის რესურსს ვერ ხედავს:
„მისთვის [ღარიბაშვილისთვის – რედ.]პრობლემა არაა მიტაცებული ძალაუფლება, დემოკრატიის ნარჩენების გაუქმება, არც ის, რომ მედიაზე ტერორია გამოცხადებული. მისთვის არაფერია პრობლემა, რაც პრობლემაა ევროპისთვის და ქართველი ხალხისთვის. შესაბამისად, გვაქვს სრული აცდენა ღარიბაშვილის ოცნებებს და ქართულ რეალობას შორის. ჩვენ ამ აცდენას ვეღარ შევეგუებით! რაც შეეხება დიალოგს და დღეს უცნაურად გამოწვდილ ხელს პრემიერის და სხვების მიერ, ამაზე ერთადერთი პასუხი მაქვს: ჩვენ აღარ წამოვეგებით ამ სატყუარას! ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, რომ ადამიანი, ვისი ხელითაც, ქმედებით, მეშვეობით (მინიმუმ პრემიერ ღარიბაშვილს ვგულისხმობ) ჩაფლავდა ქართული საზოგადოების ნატვრა და ჩვენი სურვილი, რომ მტკიცე ნაბიჯებით გვევლო ევროპისკენ, ვისი მეშვეობითაც არის პოლარიზების ასეთი ხარისხი და ყველა მიმართულებით ქვეყანაში კრიზისი გვაქვს, პრემიერი არ უნდა იყოს! ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ დიალოგი შეუძლებელია ასეთ არაკონსტრუქციულ ადამიანთან. ღარიბაშვილის პრემიერობის პირობებში მე ვერ ვხდები, შესაძლებელია კი ეს დიალოგი? არა, არ არის შესაძლებელი!“
„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია კი მიიჩნევს, რომ დეპოლარიზაციისთვის თავად პოლარიზების გამომწვევი წყაროების აღმოფხვრა უნდა დაიწყოს:
„პრემიერის განცხადება აღვიქვი სადღეგრძელოდ დეპოლარიზაციის შესახებ. და ასე დარჩება მანამ, ვიდრე არ გავიგებ კონკრეტულად, ვინ რას გულისხმობს ამაში. დეპოლარიზაციად აღვიქვამ იმას, როდესაც მთავრობა პოლარიზაციის მთავარი წყაროს აღმოფხვრას ეცდება. ასეთი წყაროა 5%–იანი საარჩევნო ბარიერი და ბლოკების არდაშვება. თუ მართლა გვინდა პოლარიზაციის შემცირება, საჭიროა აღმოვფხვრათ გარემოებები, რაც პოლარიზაციას უწყობს ხელს“.
ინფორმაციისთვის: ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.


